ყოფილმა მეკარემ, ახლა კი ESPN-ის მიმომხილველმა შაკა ჰისლოპმა თქვა, რომ „ბარსელონა” ამ ზაფხულს ნეიმარს უეჭველად დაიბრუნებს, რადგან „პარი სენ ჟერმენს” ბრაზილიელის თავიდან მოშორება უნდა.

მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია, რაც ნეიმარის „ბარსაში” ტრანსფერზე ლაპარაკობენ. თავდამსხმელი კატალონიის დედაქალაქიდან პარიზში 2017 წელს გადაბარგდა. ფრანგულმა კლუბმა მასში სარეკორდო თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ვარსკვლავი ახალ გარემოს ვერ შეეწყო, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არადა პსჟ-ს მეპატრონეებს მიზნად და ოცნებად სწორედ „დიდყურა თასის” მოგება აქვთ ქცეული.

ნეიმარის პარიზულ ხელმოცარვაში თავისი როლი ტრავმებმაც ითამაშა. რაც ის „პარკ დე პრენსზე” გადავიდა, ფაქტობრივად წელიწადი არ გასულა, საექიმო რომ არ გამხდარიყო.

პირველ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 20 თამაში ჩატარა; თებერვალში დაშავდა და მერე ექიმებში დადიოდა.

მეორე სეზონში შეხვედრების რაოდენობა უკვე ჩვიდმეტამდე შემცირდა, ექიმებში სირბილი კი იანვრის შემდეგ გახდა საჭირო.

გასულ ზაფხულს, ნეიმარმა ახლობლებში ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი, რომ „ბარსელონაში” სურდა დაბრუნება. საქმე იქამდე მივიდა, რომ „კამპ ნოუზე”, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თავიანთ შეფებს ნეიმარის დასაბრუნებელი ფულის ფეხბურთელებში აგროვება შესთავაზეს.

ცნობილია, რომ მესი ნეიმართან მოედნის მიღმაც მეგობრობს და ძალიან უნდა ძმაკაცი კვლავ თავის გვერდით იხილოს.

ჰისლოპი: „ვფიქრობ, ახლა უკვე ყველაფერი გამოვა. „ბარსელონას” ხომ ხმაურიანი ტრანსფერი სჭირდება. კატალონიელებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის თამაშზე გავლენას იქონიებს.

თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა შარშან ზაფხულში, როდესაც თავად მესიც კი ძალიან ცდილობდა ნეიმარი „კამპ ნოუზე” დაებრუნებინა, ვგონებ ამჯერად ტრანსფერი უნდა შედგეს. თან, მოვიდა მორიგი გაზაფხული და ტრადიციულად ატყდა ლაპარაკი, რომ „პარი სენ ჟერმენის” გასახდელში არეულობაა.

ჩემი აზრით პარიზელებმა აუცილებლად უნდა დაალაგონ ის აბდაუბდა, რაც მათ სახლში ხდება, ხოლო „ბარსელონას” ახალი ფეხბურთელი სჭირდება.

და ეს ყველაფერი, ერთად შეკრებილი, მე თუ მკითხავთ, აშკარად მიუთითებს, რომ ნეიმარი მომავალი სეზონიდან „კამპ ნოუზე” ითამაშებს.