ათი წლის წინ ათი ინგლისელი ქომაგისთვის რომ გეკითხათ, ქვეყანაში ამომავალ ვარსკვლავად ვის მიიჩნევთო, სულ მცირე შვიდი, დენიელ სტარიჯიო, გიპასუხებდათ.
მართლაც, ყველაფერი კარგად დაიწყო: „ჩელსიში“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თავი ევრო თუ მსოფლიო ჩემპიონატიდანაც დაგვამახსოვრა და მერე, „ლივერპულს“ ტრანსფერისთვი 15 მილიონი გირვანქის გადახდა მოანდომებინა...
მერე იყო ტრავმები, რამდენიმე განათხოვრება და სათადარიგო ფორვარდის სტატუსი. წინა ზაფხულის მერე ლიგის მეორე ტიტულით ხელდამშვენებულმა აღმოსავლეთ ევროპას მიაშურა და ბურთს ჩვენთვის კარგად ნაცნობ „ტრაბზონში“ გააგორა.
ინგლისში ფეხის ვერ მოკიდებას და გაცრუებულ იმედებს კი რამდენიმე სკანდალიც თან სდევდა. აწ უკვე 30 წელს გადაბიჯებული ფეხბურთელი ფინანსურ მაქინაციებშიც არაერთხელ იყო ეჭვმიტანელი.
შარშანდლიდან მოყოლებული ბრიტანული მედია სტარიჯის ტოტალიზატორებთან ურთიერთობაში ამხელდა. მერე კი ცალკე ფიფას, ცალკე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გამოძიებამ დაადგინა: თურმე დანიელი ძმას გაურგიდა, „ლივერპულიდან„ „სევილიაში“ ჩემს ტრანსფერზე მსუყე ფსონს ჩამოდიო… ინგლისელის ესპანური საქმე ვერ აეწყო, ოჯახის წევრი ხომ აზარალა და თავსაც სამარცხვინო განაჩენი გამოუტანა. საფეხბურთო ასოციაციამ სტარიჯის 4-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის 17 ივნისამდე, ფეხბურთელს ყველა კლუბთან საქმიანი ურთიერთობა აკრძალული აქვს და ზემოდან 75 ათასი გირვანქას გადახდაც დაევალა.
ცხადია, თურქებმა სკანდალურ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ასოციაციამ კი ყოფილ მერსისაიდელს შეუთვალა: განაჩენის გასაჩივრება შეიძლება, ოღონდ არ დაივიწყო, თუ დამარცხდები სასჯელი გაგიორმაგდებაო…