„დორტმუნდის” ფანები 19 წლის ჯეიდონ სანჩოს ერთ წელიწადზე მეტხანს შეჰხაროდნენ. იანვრიდან გამოჩნდა ახალი სათაყვანებელი ყმაწვილი, ასევე 19 წლის ერლინგ ჰაალანდი. ახლა კი დაირხა ხმა, რომ „სიგნალ იდუნა პარკზე”, რომელსაც ნათლობის სახელი „ვესტფალენშტადიონი” ჰქვია, შეიძლება ახალმა მეგავარსკვლავმა გააგოროს ბურთი.

ლაპარაკია 16 წლის ჯუდ ბილინგემზე (სრული სახელია, ჯუდ ვიქტორ ვილიამ ბილინგემი), რომელიც ინგლისური ფეხბურთის მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში, „ბირმინგემ სიტიში” თამაშობს და ამ მომენტისთვის 31 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. ჭაბუკი ინგლისური ფეხბურთის ყველაზე იმედისმომცემ ნახევარმცველად ითვლება და როგორც გერმანული „შპორტ ბილდი” ამბობს, ზაფხულში „დორტმუნდში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ბილინგემის ყიდვა „ლივერპულს”, „ჩელსის” და „მანჩესტერ იუნაიტედსაც” სდომებიათ.

„შპორტ ბილდის” ინფორმაციით ინგლისელი ჭაბუკის გვარ-სახელი შესაძლოა სატრანსფერო რეკორდების ჩამონათვალშიც მოხვდეს. არ არის გამორიცხული, რომ „ბირმინგემ სიტიმ” „დორტმუნდისგან” 35 მილიონი ევრო მიიღოს. აქამდე, დორტმუნდელთა ყველაზე ძვირი შენაძენი გახლდათ მატს ჰუმელსი, რომელშიც 30,5 მილიონი ევროა გადახდილი.

transfermarkt.de-ს თანახმად ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ყველაზე ძვირ 17-წლამდელთა ჩამონათვალში მეოთხეა, ოღონდ საიტს მის საბაზრო ფასად 12 მილიონი ევრო უწერია.

„ჩვენ სუპერვარსკვლავებს არ ვყიდულობთ, ჩვენ მათ ვზრდით”, — თქვა „დორტმუნდის” ახალგაზრდული გუნდების კოორდინატორმა ლარს რიკენმა.