ბედი მომეციო და… არავინ თქვას, რომ სპორტში მხოლოდ ოსტატობა და მომზადება იმარჯვებს. იღბალი, ანუ ჩვენებურად ყისმათიც უდიდეს როლს თამაშობს და ხშირად ერთწამიან გამართლებას (ან პირიქით) ისტორიის გადაწერა შეუძლია. მარტივი მაგალითი? რობი რენსენბრინკი დიდებული იყო და მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ფინალის ბოლო წუთზე ის ბურთი ძელს რომ არ მოხვედროდა, კაცმა არ იცის, ვინ იქნებოდა ჰოლანდიაში საუკუნის ფეხბურთელი.
რად გამახსენდა? ერთა ლიგაში კენჭისყრა გაიმართა და ალბათ, საუკეთესო ვარიანტი გვერგო – თავმოყვარე ნაკრები ვალდებულია, პირველი ადგილი დაიკავოს. ოღონდ ჰენრიხ მხითარიანი არ მიხსენოთ – სად და როდის გაისროლა სერიოზულად ნაკრებში?!
ახლა ის ჯგუფი გავიხსენოთ, ერთა ლიგაში ამის წინ რომ გვერგო. უნდა მოგვეგო? ულაპარაკოდ!
ახლა ის გავიხსენოთ, ევროპირველობის ფინალურ სტადიაზე გამსვლელი ორიდან ერთი მატჩი თბილისში გვაქვს და წარმატების შემთხვევაში, მეორეც აქ შედგება. ესეც ყისმათის საქმეა.
ახლა ის გავიხსენოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის კლასიკურ შესარჩევში (თუნდაც დავივიწყოთ „უძლეველი“ შვეიცარია), ბოლო დროის უსუსტესი ირლანდია და სუსტი დანია გვერგო.
ახლა ის გავიხსენოთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ყველაზე ხანგრძლივი უტრავმო პერიოდი სწორედ ერთა ლიგის შესარჩევს დაემთხვა, გუნდს ულიდერა და გადამწყვეტი თამაშების წინ ტრავმებით გატანჯული ისევ ფერზე მოდის. და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ყისმათი არაფერ შუაშია?!
ვლადიმირ ვაისის ადგილას სხვა, „კაზინოდან“ ფეხს არ გამოადგამდა. მჯერა, რომ მისი ეს ჯადო-ბედი უახლოეს ორ თამაშსაც მოგვაგებინებს და მომდევნოშიც გაგვატარებს.
ეს წარმატება დიდწილად მისი და ჩვენი ბიჭების იქნება და მცირეწილად ფორტუნასიც. აბა, რა უნდა ეთქვათ ჩივაძეს და სხვებს, როცა წილისყრა მეტოქეებად ტოტი-გასკოინი-ვიერი-ბექემი-სტოიჩკოვი-კლინსმანებს და ეგეთებს რომ იმეტებდა?!
ბატონო ვაის, მე მჯერა თქვენი ყისმათის და ჩვენი ბიჭების ნიჭის.
მეორეობა არ მიიღება. ჩვენ დიდ ტურნირზე (ტურნირებზე) უნდა ვითამაშოთ!