თაზო მჭედლიძემ ნავსი გატეხა და პირადი მშრალი სერია დასრულა. მისი „რუანი“ პრო დ2-ის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს, ბასკურ „პერპინიანს“ სტუმრობდა და მიმდინარეობდა პირველი ნახევრის ბოლო წუთი, როცა მასპინძელთა ლელოში რუანელთა მძლავრი მოლი შევარდა ხოლო ბურთის დამიწება ქართველმა შუამარბმა ითავა. მჭედლიძის ლელომ ჩამორჩენა რამდენადმე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ „რუანმა“ მაინც გამანადგურებელი მარცხი განიცადა 12:57 – და ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა. თაზომ ეს მეტად უხეში და უდისციპლინობით (1 წითელი და 5 ყვითელი ბარათი) გამორჩეული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო მასპინძელთა შორის ბოლო 26 წუთი ყოფილმა 20-წლამდელმა ვახტანგ ჯინჭარაძემ ითამაშა, ვისაც, სხვათა შორის, „პერპინიანმა“ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი 2020 წლამდე გაუხანგრძლივა.
როგორც ითქვა, ეს სეზონში და ახალ კლუბში თაზოს პირველი ლელო იყო, არადა ეს მორაგბე როგორც ნაკრებში ისე ყველა თავის კლუბში ტრადიციულად ძალზე შედეგიანად თამაშობს ხოლმე. ამდენად, იმედს ვიტოვებთ, რომ მჭედლიძემ მოჯადოებული წრე გაარღვია და სეზონის ბოლმდე კიდევ არაერთ ლელოს მიითვლის.
ბარემ პრო დ2-ს მივყვეთ. ხსნებულმა „პერპინიანმა“ ამ ბონუსიანი მოგებით 72 ქულა დააგროვა და ლიგის პირველობა დაიბრუნა, რადგანაც ამდენივექულიან „კოლომიეს“ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. „კოლომიემაც“ მოიგო, ოღონდ ძალზე რთულ მატჩში მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა – 22:18 „ოიონასთან“. ამუკანასკნელის სასტარტო შემადგენლობაში ვეტერანი ბორჯღალოსანი ირაკლი მირცხულავა იყო, რომელიც ტაიმის მიწურულს გაასინბინეს და მას მერე ქართველი ბურჯი თამაშში აღარც დაბრუნებულა.
„ოიონა“ 63 ქულით საპლეიოფო ზონაში მე-4 ადგილზეა, ხოლო მის წინ 67-ქულიანი „გრენობლია“, რომელიც საკუთარ მოედანზე ბასკურ „ბიარიცს“ დაუზავდა – 13:13. მასპინძელთა სასტარტოში კიდევ ერთი ექს-ბორჯღალოსანი დუდუ ქუბრიაშვილი იყო, რომელმაც 63-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა 31-ეზე სინბინში ისიც გაუშვეს. ცნობისთვის ეს იყო დუდუსთვის სეზონში მე-6 ყვითელი ბარათი. „ბიარიცში“ კი ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა: სასტარტო 3 ნომრად გიორგი ნუცუბიძე გამწესდა, ხოლო 63-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში ვახტანგ ახობაძე ჩაერთო. ბასკები 58 ქულით მე-5ადგილზე არიან, ხოლო მათ მერე ცხრილში „ნევერია“ 56 ქულით, თუმცა თორნიკე მატარაძის, გურამ პაპიძისა და ილია კაიკაციშვილის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს,რადგან ამ გუნდისა და „ანგულემის“ შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო. ცნობისთვის, ილია კაიკაციშვილმა „გრენობლთან“ კონტრაქტი გააფორმა და მომავალი სეზონიდან ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.
ნიკა ნეფარიძის „ვანმა“ მაჩანჩალა „ვალანს რომანი“ 47:21 დაამარცხა და სანუკვარ ექვსეულს მიუახლოვდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.
ქართველმრავალმა „ორიაკმა“ კი კვლავ წააგო – ექს-ან-პროვანსში 10:40 განადგურდა. გამარჯვებულ გუნდში საწყისი 50 წუთი 27 წლის ბურჯმა ზაზა ნავროზაშვლმა ითამაშა, ხოლო სტუმართა ღირსება ხუთმა ჩვენებურმა დაიცვა. ბურჯმა გიორგი ქართველიშვილმა პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია 47-ე წუთზე შეცვალეს, მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე – 51-ეზე, თუმცა 69-ეზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად დააბრუნეს და ბოლომდე ათამაშეს, ახალგაზრდა კვაჭი ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა, ხოლო მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა.“ექსი“ 45 ქულით მე-12ადგილზეა, ხოლო „ორიაკი“ 34-ით მეთოთხმეტეა.
დიდი ანგარიშით კიდევ ერთი მატჩი დასრულდა – „ბეზზიემ“ „მონ-დე-მარსანი 55:17 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტოში იყო და 59 წუთი ჟორჟი სალდაძემ ითამაშა, რომელმაც გასულ ტურში საუცხოო ლელო მიითვალა. წაგებულ გუნდში კი პირველიდან 45-ე წუთამდე ახალგაზრდა ბურჯმა გელა მურუსიძემ ითამაშა, რომელიც მწვრთნელმა 72-ეზე დააბრუნა, თან მეორე ქართველის ნაცვლად – 34-ე წუთზე თამაში ჩართულმა ლაშა მაჭარაშვილმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
ახლა მთავარ ფრანგულ ლიგაზეც ვისაუბროთ. ტოპ 14-ში ლიდერი უცვლელია – „ბორდომ“ „კასტრს“ დაძაბულ ბრძოლაში 26:24 სძლია და 61 ქულა დააგროვა. ბორდოელთა შემადგენლობაში ბოლო ნახევარი საათი ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, ლაშა ტაბიძემ – ბოლო 29 წუთი.
„ლიონმა“ „ბრივთან“ სტუმრობა მარცხით დაასრულა და ცხრილში 53 ქულით მეორე ადგილზე დარჩა. 33:16 ბრიველთა სასარგებლოდ და ამ გამარჯვებაში ბორჯღალოსანთა წვლილიცაა. ვასილ ლობჟანიძე თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრეღა გამოცვალეს, ხოლო თედო აბჟანდაძეს ნათლობა ჰქონდა – საქართველოს ნაკრების მგეზავი სწორედ 73-ეზე შეიყვანეს მწვანე მინდორზე და ეს იყო თედოს სადებიუტო მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში, თორემ ჩელენჯ კაპზე მას ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული. ლიონელებში კი 56-ე წუთიდან კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა ითამაშა. რაც შეეხება „ბრივს“, ამ გუნდმა 33 ქულა დააგროვა და მე-9-მე-11 ადგილებს ინაწილებს.
საპლეიოფო მე-4 ადგილზეა „ტულონი“, რომელმაც ურთულეს საშინაო მატჩში „სტად ფრანსე“ 19:18 დაამარცხა და ბონუსიც გაატანა, თუმცა პარიზელები მაინც ცხრილის ბოლო ადგილზე არიან. მათ სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი გიორგი მელიქიძე იყო, რომელმაც 43 წუთი ითამაშა, ხოლო ტულონელებში შეცვლაზე ზედიზედ მეორე მატჩია ნორჩ ლუკა ჭელიძეს ათამაშებენ. ამჯერად მას დასკვნითი 5 წუთი დაუთმეს…
როგორც იქნა, ექვსეულში „კლერმონი“ დაბრუნდა, რომელმაც „აჟენს“ მისსავე მოედანზე 32:15 აჯობა. „ვულკანებში“ 57-ე წუთზე შეცვლაზე სახელოვანი დავით ზირაქაშვილი შევიდა, ხოლო აჟენელებს შორის 47-ეზე ბორჯღალოსანი გიორგი თეთრაშვილი გამოჩნდა, ვინც 71-ეზე, ანუ თამაშის ბოლომდე გაასინბინეს. „აჟენი“ 26 ქულით გასავარდნ, მე-13, პოზიციაზეა.
აი, „მონპელიე“ კი საზიზღარ ფორმაშია. ამ ჯერზე პოში ერთ-ერთ აუტსაიდერთან 15:19 დამარცხდა. მონპელიელთა სასტარტო შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა უჩა ჭეიშვილი, ვინც 45-ე წუთზე მიშა ნარიაშვილმა შეცვალა. კოტე მიქაუტაძემაც 45 წუთი ითამაშა, ხოლო ლუკა აზარიაშვილი კვლავ მარქაფაში დარჩა – მწვრთნელმა თამაშში მისი ჩართვა ვერ გარისკა.
დაბოლოს, სუპერ რაგბის ჩემპიონატის შესახებაც. იაპონური „სანვულვზი“ ახალზელანდიურ „ჰარიქეინზს“ ესტუმრა და ამ ჯერზეც განადგურდა – 15:62. „მზის მგლების“ სასტარტო შემადგენლობაში ჯაბა ბრეგვაძე კვლავაც იდგა – ქართველმა კვაჭმა 58 წუთი ითამაშა, ხოლო მისი გუნდი გაერთიანებულ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.