„ელ კლასიკო” „რეალის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0. გოლები გაიტანეს ვინისიუს ჟუნიორმა და მარიანომ. 26 ტურის შემდეგ მადრიდელებს 56 ქულა აქვთ, ბარსელონელებს 55. შეხვედრა გამოვიდა სანახაობრივი, სადაც მასპინძლებმა მეორე ტაიმში ჩინებულად ითამაშეს და დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა, თუმცა „ბარსას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემ აქცენტი პირველ ტაიმზე გააკეთა, როდესაც ბურთის ფლობა (57%-43%) და კარისკენ დარტყმები (6-5) სტუმრების სასარგებლოდ იყო.
ცნობისათვის, შესვენების შემდეგ კარისკენ დარტყმები „რეალის” სასარგებლო გახლდათ, 8-3; ბურთის ფლობა კი მაინც ესპანეთის ჩემპიონისა იყო, 55%-45%.
„პირველ ტაიმში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, — თქვა 33 წლის ვარსკვლავმა, — შესვენებამდე მე ვნახე „რეალის” ერთ-ერთი უარესი თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე”.
შესვენების შემდეგ, მათ ზეწოლა მოგვიწყვეს და ჩვენთვის ძალიან სამწუხარო მომენტში გაგვიტანეს გოლი. პირველი ტაიმისგან მაქსიმუმი რომ გამოგვეწურა სულ სხვა იქნებოდა.
რასაც ვამბობ, კრიტიკად ნუ ჩამომართმევთ. ყველა გუნდს თავისი პრობლემები აქვს. ჩვენს თამაშს საუკეთესო არ ეთქმოდა. უპირატესობა გოლით უნდა დაგვემტკიცებინა. პირველ ტაიმში შექმნილი მომენტები რომ გამოგვეყენებინა, „რეალს” მეორეში ურთულესი მწვერვალი ექნებოდა დასაპყრობი.
მათ ახალი ძალა მოიკრიბეს, მაგრამ ჩვენ არ დავნებებულვართ. ვფიქრობ, შეგწევს საიმისო ღონე, რომ ლა ლიგის ჩემპიონები გავხდეთ”.