გაიმართა რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტის არჩევნების ახალი თარიღი უნდა დაედგინა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, გამგეობამ მიმართვა გავრცელა, რომელსაც იცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს რაგბის თემმა, მოქმედი სარაგბო კლუბების, რაგბის კავშირის გამგეობისა და ხელმძღვანელობის ჩათვლით 2011 წელს მიიღო რაგბის ქარტია, დოკუმენტი რომელიც ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის, როგორც ფასეულობათა სისტემის მიმართ. ჩვენთვის რაგბი არასდროს ყოფილა გატაცება, აზარტი და გამარჯვების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა დაუნდობელი, სასტიკი, უწესო ბრძოლა კონკრეტული შედეგის მისაღწევად. რაგბი დღემდე იყო გზა, თამაშის საშუალებით გავმხდარიყავით ფიზიკურად და სულიერად უკეთესები,  სიხარული მოგვეტანა ერთმანეთისთვის,  ეს იყო გზა სრულყოფილებისკენ, რომელიც გადიოდა მოყვასის (თანაგუნდელის, მოწინააღმდეგის, გულშემატკივრის) სიყვარულზე.  რაინდობა, სილაღე, მებრძოლი სული, მეგობრობა, სიყვარული და პატივისცემა  – ამით გამოარჩევდნენ ჩვენში მორაგბეებს და ამით იზიდავდა რაგბი ახალ-ახალ წევრებს.

ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი თავი რაგბიში, ჩვენ გვიყვარს რაგბი ჩვენში. ფასეულობა ვერ ჰგუობს კომპრომისს, მორაგბე მხოლოდ მოედანზე არ არის მორაგბე. თუ არ ეკუთვნი ფასეულობას, იგი არც 80 წუთის განმავლობაში მიგიკარებს. ქარტია ჩვენი ცხოვრების წესია, რომელსაც ხანდახან კიდეც ვარღვევთ, მაგრამ ვაღიარებთ და ვემსახურებით,  ვუბრუნდებით საწყისს და ვაგრძელებთ გზას სრულყოფილებისკენ. არჩევანი ყველას აქვს, გასვლა ამ წრიდან და ბრძოლის დასრულება თუ დარჩენა და გზის გაგრძელება – ეს ჩვენი გადასაწყვეტია.

დღეს რაგბი, როგორც ფასეულობათა სისტემა მისი შვილებისაგან დაცვას თხოულობს. ძალაუფლებისათვის ბრძოლა ასცდა სრულყოფილებისათვის ბრძოლის  გზას და თვითმიზანს დაემსგავსა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ემსგავსება უკომპრომისო, დაუნდობელ, უწესო ბრძოლას სადაც დასახული მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი და ყველა საშუალება მართლდება. ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე ადამიანების დამნაშავედ გამოცხადება, ლამისაა ლინჩის წესით გასამართლება, მუქარა, გამომწვევად და თავხედურად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ცილისწამება და დაშინება არათუ დასაშვები არამედ ერთადერთი საშუალება გახდა არჩევნებში გასამარჯვებლად. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გმობს და ემიჯნება რაგბის კავშირის არჩევნებში აქტიურად ჩართულ იმ მორაგბეთა ქმედებებს, რომლებმაც თავხედურად შელახეს რაგბის ქარტიის ფასეულობები.

მოვუწოდებთ რაგბის დიდი თემის თითოეულ წევრს, დავიწყოთ  გაჯანსაღება, დავუბრუნდეთ ქარტიას და კარგად გავაანალიზოთ თითოეული ჩვენი ნაბიჯი რათა უფსკრულის პირას მდგომნი ავცდეთ ვარდნას და დაღუპვას, გადავარჩინოთ რაგბი საქართველოში, როგორც ფასეულობათა სისტემა. ყველამ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია. რაგბში არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც ქარტიას არ აღიარებს და ამ პრინციპებს უარყოფს.

ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს – ნუ ეცდებით ხელი შეუშალოთ არჩევნებისას მორაგბეებს  გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ თავად გადავწყვეტთ თუ ვინ და სად ავირჩიოთ. სამართალდამცავ ორგანოებს  ვთხოვთ მეტი ყურადღება გამოიჩინონ  არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის არა მხოლდ გამოვლენის, არამედ პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით.  ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე.“

აქვე გთავაზობთ ქარტიის 8 ძირთად პრინციპს:

  1. არ ავნო, არ მიაყენო შეგნებულად ტრავმა, არ დაამცირო
  2. პატივი ეცი რაგბის მონაწილეების ღირსებას
  3. წაახალისე თანაგუნდელი, დააფასე მეტოქის კარგი თამაში
  4. დაემორჩილე წესებს, იმისდა მიუხედავად ეთანხმები თუ არა მათ
  5. თამაშის წესები გამოიყენე მხოლოდ კარგი და უკეთესი თამაშისათვის და შედეგს ამ გზით მიაღწიე
  6. გახსოვდეს, მარცხი მხოლოდ შენი ბრალია, ეცადე უკეთესი გახდე გაცნობიერებული შრომისა და გამოცდილების შეძენის შედეგად
  7. არასოდეს არავინ წააქეზო არასპორტული აგრესიისკენ
  8. ეცადე მიიღო და სხვასაც მიანიჭო სიამოვნება რაგბისგან. იმისათვის რომ სიამოვნება მიიღო, უნდა იცოდე, რომ იცოდე უნდა ისწავლო, რომ ისწავლო უნდა გიყვარდეს.