კარლო ანჩელოტიმ თამაშის დამთავრების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. მიზეზი: ის აღშფოთდა, რადგან „ევერტონს” „მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის მიწურულს VAR-მა გამარჯვების გოლი არ ჩაუთვალა. მატჩი დასრულდა 1:1.

არადა, რა გულით ზეიმობდნენ ლივერპულელები ჰარი მაგუაირის მიერ მსაჯის წამატებულ დროში საკუთარ კარში შეგდებულ გოლს. სიხარულისგან მთელი გუნდი ერთმანეთს დაახტა.

მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, გოლი არ ჩაითვალა და ალბათ სწორადაც, რადგან ევერტონელი გილფი სიგურდსონი საჯარიმოში, მეკარესთან ახლოს, თამაშგარეში იწვა და მართალია ბურთს არ შეჰხებია, მაგრამ ფეხები გაწია და ის კარის ბადისკენ გაატარა. ფაქტობრივად, სიგურდსონი რომ არა დავიდ დე ხეა ბურთს ხეირიანად დაინახავდა და ალბათ დაიჭერდა.

არადა, „გუდისონ პარკზე” თამაში ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ინტრიგა დაიწყო იმით, რომ მე-3 წუთზე დე ხეამ სისულელე ჩაიდინა (იხ. ვიდეო): ბურთის შორს დარტყმა უნდოდა, მაგრამ კელვერტ-ლევინს ვერ ააცილა და გოლით დაისაჯა.

დე ხეა, რასაკვირველია ძალიან ძლიერი მეკარეა, მაგრამ შიგადაშიგ გასაოცარი შეცდომები მოსდის.

„მე მას უბრალოდ მოვკლავდი, — თქვა ტაიმებს შორის „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა როი კინმა, — მე მას შესვენებისას ლინჩის წესით გავასამართლებდი. სად არის მისი მოფერების და მასთან ლოლიავის დრო”!

31-ე წუთზე „მანჩესტერ იუნაიტედმა” ანგარიში გაათანაბრა. ბრუნო ფერნანდეშის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ინგლისის ნაკრების და „ევერტონის” მეკარემ ჯორდან პიკფორდმა ვერ მოიგერია. რასაკვირველია, პიკფორდს ისეთი შეცდომა არ მოსვლია, დე ხეას რომ მოუვიდა, მაგრამ მაღალი დონის გოლკიპერს ეს დარტყმა ალბათ უნდა აეღო. ყოველ შემთხვევაში კინმა არც ის დაინდო:

„პიკფორდი კარგი მეკარე არ არის. მას მაღალ დონეზე თამაში არ შეუძლია”!

თუმცა, ორივე გოლკიპერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში მათ რამდენჯერმე რთულ ამოცანას გაართვეს თავი.

და კიდევ, დაძაბული შეხვედრის მსვლელობისას იყო უხეშობები და გაწევ-გამოწევა.

საინტერესოა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ეს იყო მერვე წაუგებელი შეხვედრა ყველა შეჯიბრებაში ერთად. ბოლოს მანკუნიანელები 19 იანვარს „ლივერპულთან” დამარცხდნენ.