ჩინეთის ქალაქ უხანში აფეთქებული ვირუსული ინფექცია ორ თვეში 56 ქვეყანას მოედო და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კორონავირუსმა სპორტსაც შეუტია და ამ მიზეზით რიგ ქვეყნებში არაერთი ღონისძიება გადაიდო ან ჩაიშალა. ევროპაში, ვირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება რის გამოც სერია ა-ს რამდენიმე მატჩი გადაიდო, ხოლო ევროპა ლიგის განმეორებითი დაპირისპირება „ინტერსა“ და „ლუდოგორეცს“ შორის უეფას გადაწყვეტილებით უმაყურებლოდ გაიმართა.

კორონავირუსის გამო, შესაძლოა კომიკური ვითარება შეიქმენას ინგლისში, უფრო კონკრეტულად კი პრემიერლიგაში. არ არის გამორიცხული, „ლივერპული“ ტურნირის გამარჯვებული  ვერ გახდეს.  ჯერ გადაჭრით არაფრის მტკიცება არ შეიძლება, მაგრამ პრემიერლიგის და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ბოსები,  მოვლენების  არასასიამოვნოდ განვითარების შემთხვევაში მოქმედების ყველა სცენარს განიხილავენ.

დიდ ბრიტანეთში, სადაც ამ ეტაპზე კორონავირუსის 19 ფაქტია დაფიქსირებული, ინფექციის სწრაფად გავრცელების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ყველა დაგეგმილი  სპორტული ღონისძიება მინიმუმ ორი თვით გადაიდოს. ეს, რა თქმა უნდა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებასაც შეეხება, სადაც „ლივერპული“ მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 22 ქულით უსწრებს და ჩემპიონობაც ფაქტობრივად ჯიბეში უდევს, თუმც იურგენ კლოპს და კომპანიას ზეიმი შესაძლოა არ დასცალდეთ.

თუ ჩემპიონატი შეწყდება, პრემიერლიგის ხელმძღვანელები საგონებელში ჩავარდებიან და დაიწყება კრიზისული მოლაპარაკებები უკვე გამართული 27 ტურის შედეგები ჩათვალონ და ის საბოლოოდ მიიჩნიოთ თუ გაანულონ. ამ პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება საჭირო იქნება არა მხოლოდ „ლივერპულისთვის“, ოფიციალურად გამოცხადნენ თუ არა მერსისაიდელები ჩემპიონებად, არამედ ჩემპიონთა და ევროპა ლიგაზე მონაწილე გუნდების გამოსავლენად, ასევე ვინ დაქვეითდება ჩემპიონშიპში და პირიქით, ქვედა დივიზიონიდან რომელი გუნდები აღზევდებიან.

თუ ასე მოხდა, ინგლისისთვის ეს პირველი პრეცენდენტი  არ იქნება, როდესაც იქაური ფეხბურთის მამები მსგავსი ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან. 1939-1940 წლის სეზონში, ინგლისის ჩემპიონატი 3 ტურის შემდეგ,  მეორე მსოფლიო ომის გამო შეაჩერეს და არც გამარჯვებული დაუსახელებიათ. მაშინ, ტურნირს „ბლექპული“ ლიდერობდა. როგორც პოპულარული The Telegraph იუწყება, დიდ ბრიტანეთში ყველა სპორტული ფორუმის გადადების შემთხვევაში, მომდევნო სეზონიდან  პრემიერლიგა იგივე შემადგენლობით აიღებს სტარტს ანუ არავინ დაქვეითდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად ჩემპიონად არც „ლივერპული“ გამოცხადდება, რომელსაც პრემიერლიგა არასოდეს მოუგია.

საშიშროება იმისა, რომ ქვეყანაში ორი თვით ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდეს ძალიან დიდია, რასაც დიდი ბრტანეთის მთავარი სანიტარი კრის უაიტიც ადასტურებს.

„ლივერპულს“ ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ 4 მოგება სჭირდება და იმის გათვალისწინებით კლოპის ბიჭები თუ რა აღმაფრენით ატარებენ მიმდინარე სეზონს, ამის გაკეთება არა გვგონია გაუჭირდეთ… ცხადია, თუ დასცალდათ.

წუხელ ლივერპულმა მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი თამაში წააგო – 0:3 უოტფორდთან…