ლუის სუარესი რეაბილიტაციის გზაზეა. შეგახსენებთ, მან იანვარში, ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში ფეხი იტკინა და ოპერაცია დასჭირდა.

ამასობაში რადიო RAC1-თვის მიცემულ ინტერვიუში ურუგვაელმა თავისი კონტრაქტის საკითხებზეც ილაპარაკა. მან ფარდა აჰხადა 2021 წლის შემდეგომ გეგმებს. დარჩება თუ არა „კამპ ნოუზე”? თუ დარჩება, როგორია პირობა?

33 წლის თავდამსხმელმა განმარტა: „იმ შემთხვევაში თუ მომავალ სეზონში თამაშების 60 პროცენტში მივიღებ მონაწილეობას, კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება”.

ტრავმის შესახებ: „წლების განმავლობაში ვუძლებდი ტკივილს. ვთამაშობდი და მტკიოდა. ამიტომ, ვცდილობდი დატვირთვა სხვა კუნთებზე გადამენაწილებინა. ვიცი, რომ ოპერაციის გამო მაკრიტიკებენ, მაინც არ უნდა გაგეკეთებინაო, მაგრამ ძლიერი ადამიანი ვარ საიმისოდ, რომ ასეთ კომენტარებს გავუძლო. ერთადერთი, რაც ახლა მაინტერესებს დროზე გამოჯანმრთელება და მოედანზე დაბრუნებაა. მინდა საქმეში იმაზე ადრე ჩავერთო, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ”.

თავიდან კი ვარაუდობდნენ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონას” ოთხი თვით გამოაკლდებოდა.