პირველ მარტს მადრიდის „რეალი“ საკუთარ „სანტიაგო ბერნაბეუზუ“ კატალონიურ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ამ გუნდების ყველა ჯახი ისედაც საფეხბურთო კლასიკაა, მაგრამ კვირა საღამოს სულ სხვა დატვირთვა ექნება. კიკე სეტიენის გუნდს ორქულიანი ფორა აქვს და თუ მოიგო, ფაქტობრივად უიმედოდ ჩამოიტოვებს სამეფო კლუბს.

თავის მხრივ, ზიზუს და კომპანიას უკან დასახევი მისხალიც არ დარჩათ. ჩემპიონთა ლიგაში „სიტისთან“ საშინაო მარცხმა მათი სამეოთხედფინალო შანსები მიზერამდე დაიყვანა. სეზონის მხოლოდ ესპანური სუპერთასით დასრულებას ზიდანს ძველი დამსახურებების გამოც არ აპატიებენ.

ამ ფონზე მედია მაქსიმალურად ცდილობს ემოციების გაღვივებას. ჟურნალისტებმა ინტერვიუ სთხოვეს მადრიდელთა კაპიტან სერხიო რამოსს. ჩვენი კოლეგები ლეო მესისადმი მისი დამოკიდებულებით დაინტერესდნენ.

„მესის მიმართ უდიდესი პატუვისცემით ვარ. ვთვლი, რომ ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. იმედია, კვირას მისი დღე არ იქნება. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ საქმეს თავი გავართვით. თუ ამასთან ერთად შედეგიც დადებითი გვექნება, მთლად უკეთესი. ლეოს, როგორც პროფესიონალს და კოლეგას, წარმატებებს ვუსურვებ მანამ, ვიდრე მისი წარმატებები ჩემს გუნდზე უარყოფითად არ აისახება,” – განაცხადა სერხიო რამოსმა.

ყველამ იცის, რომ მადრიდელთა კაპიტანი ორთაბრძოლებში საკმაოდ ხისტია და ცოტა ხნის წინ მესის ყველაზე უხერხული მეტოქის შესახებ იმ იმედით ჰკითხეს, რომ რამოსს დაასახელებდა. გსმენიათ რამე პაბლო მაფეოს შესახებ? მესიმ სწორედ ის გამოარჩია. მაფეო „ჟირონაში“ თამაშობს, თუმცა მისი კონტრაქტი „აინტრახტს“ ეკუთვნის.