უმთავრესი იტალიური დერბი – „იუვენტუსი“ VS „ინტერი“ აღარ შედგება. უფრო სწორად დაგეგმილ დროს, 1 მარტს არ გაიმართება.
იტალია კორონავირუსს ებრძვის. მომაკვდინებელმა ეპიდემიამ აპენინებზე ღრმად მოიკიდა ფეხი, რამაც სერია A-ს მესვეურებს კალენდარში კორექტივების შეტანა აიძულა. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ფეხბურთზე მაღლა დგას. ვირუსის გამო, ქვეყანაში სიტუაცია ისედაც არასახარბიელოა და ზედმეტი გართულებების თავიდან ასარიდებლად იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურის 5 მატჩი გადადებულია.
„იუვენტუსი“ „ინტერის“ გარდა, აღარ გაიმართება 29 თებერვალსა და 1 მარტს დაგეგმილი კიდევ 4 მატჩი: „მილანი“-„ჯენოა“, „პარმა“-სპალი“, „სასუოლო“-„ბრეშა“ და „უდინეზე“-ფიორენტინა“. აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტური მაინც შედგებოდა, ოღონდ ცარიელი ტრიბუნების წინ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ მატჩები თვენახევრით – 13 მაისამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, 27 თებერვალს, მილანში, ევროპა ლიგის განმეორებითი დაპირისპირება ადგილობრივ „ინტერსა“ და ბულგარულ „ლუდოგორეცს“ შორის, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით (2:1) დასრულდა, უმაყურებლოდ გაიმართა.