ბუნდესლიგაში დაუჯერებელი ამბები ხდება. გერმანიის ჩემპიონატში რა არ გვახსოვს, კარის ბადეს გარეთ მოხვედრილი ბურთი გოლადაც ჩაუთვლიათ, მაგრამ გუნდები დემონსტრაციულად დამდგარიყვნენ და 13 წუთის განმავლობაში ბურთი ერთმანეთთან გაეთამაშებინათ – არა!
მიზეზი გაინტერესებთ? გერმანელი გულშემატკივრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ცენტრი მოთამაშეები და ქომაგები არიან, კლუბები კი არა კერძო საკუთრებაში, არამედ მუნიციპალიტეტის მფლობელობაში უნდა იყვნენ. მართალია დიტერ ჰოფმა ჰოფენჰაიმი შექმნა და ამ კლუბის დე ფაქტო მეპატრონეცაა, მაგრამ ულტრასებს ეს არ აინტერესებთ. „ბაიერნის“ ყველაზე ერთგულმა ქომაგებმა, „შიკერიამ“ ბანერი გამოფინა, სადაც ჰოფს ნაბიჭვარი უწოდა და სტადიონზე სალანძღავი სიმღერებიც შეუსრულა.
მატჩის არბიტრმა კრისტიან დინგერტმა როდესაც ეს შეამჩნია, თავდაპირველად ფეხბურთელები მოედანზე დატოვა და სიტუაციის განმუხტვა მიუნხენელებს მიანდო. თითქოს, თავდაპირველად ულტრასები დაწყნარდნენ, თუმცა რამდენიმე წუთში ბანერი ისევ გამოფინეს, რის გამოც მსაჯმა ფეხბურთელები გასახდელში წაიყვანა. საქმეში ყველა ჩაერია: კარლ-ჰაინც რუმენიგე, კანი, სალიჰამიჯიჩი, ფლიკი და გუნდის თითოეული ფეხბურთელი, რის შემდეგადაც შეწყვეტილი თამაში 77-ე წუთიდან განახლდა, თუმცა გუნდები არა თუ ერთმანეთს უტევდნენ, არამედ, ბურთს მოწინააღმდეგეესთან ათამაშებდნენ, ტაშს უკრავდნენ და, უბრალოდ, დრო გაჰყავდათ.
ლანძღვას სპორტსმენებმა პროტესტით უპასუხეს…