

…თქმა რად უნდა, პეპ გვარდიოლას ტოტალური ფეხბურთი არ მოუგონია, ეს რინუს მიხელსის იდეა იყო, თუმცა კატალონიელმა ეს უფრო დახვეწა და სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
ჟოზე მოურინიო და დიეგო სიმეონე დაბადებულნიც არ იყვნენ, ელინიო ერერა „ინტერს“ დაცვითი სტილის დიდ ფეხბურთს რომ ათამაშებდა. „ნერაძური“ მაშინ პირველ გოლს რომ გაიტანდა, თამაშიც დამთავრებული იყო.
დღეს, პეპისა და ჟოზეს შემხედვარე, თითქოს საფეხბურთო სამყარო ორ ნაწილად გაიყო: გრანდები ბურთის ფლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და უკან პასს არ ერიდებიან, პატარა გუნდები კი მთელი გუნდით დაცვაში დგანან და, უფრო ხშირად, მეტოქის კართან რამეს სტანდარტებით თუ გამორჩებიან.
დაცვითი სტილის ფეხბურთს ნაკლები რესურსი სჭირდება, რადგან აქ ფონს შემოქმედობითობის გარეშეც შეიძლება გახვიდე. შემტევი სტილით მოთამაშეთა მწვრთნელებისთვის კი საქმე ასე მარტივად არ არის, მით უმეტეს, თავკაცმა ტიკი-ტაკას თამაში თუ გადაწყვიტა.
როგორც პეპია მიხელსის, კრუიფისა და მარსელო ბიელსას ფილოსოფიის მიმდევარი, კიკე სეტიენისა და მაურიციო სარის სახით მოსწავლეები მასაც ჰყავს.
რა თქმა უნდა, ისინი ნიჭიერი ხალხი არიან, თუმცა არც პეპის დარი გავლენა აქვთ და არც ამოუწურავი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ. გვარდიოლა „ბარსელონასთვის“ ორგანული ნაწილია, იქ რომ შედეგებს მიაღწია, ასე გუნდებს ვერსად ათამაშებს. „ბაიერნიდან“ „სიტიში“ სერიოზული წარმატების გარეშე წავიდა. „ქალაქელებს“ არსებობის ისტორიაში სხვა ეტაპი ჰქონდათ, პრემიერლიგის რიგით გუნდობიდან გრანდად ქცევა უნდოდათ. საჭირო რევოლუცია იყო და პეპიც იქ გაჩნდა. საბოლოოდ, მან შესანიშნავი გუნდი შექმნა, თუმც ჩემპიონთა ლიგაში ჯერაც წარუმატებელი. გავიხსენოთ, ამხელა ფინანსების დახარჯვა მანჩესტერელებს ევროტურნირებზე 2 წლიან დისკვალიფიკაციადაც დაუჯდათ.
აბა კიკე სეტიენისა და და მაურიციო სარის პრობლემა რაშია? ადამიანი მათი გუნდების თამაშს როცა უყურებ, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი რამ იციან და თამაშის გადაწყობა არ შეუძლიათ. სეტიენს ბარსაში ხავი და ინიესტა არ დახვდა, დაცვას ძალიან მაღლა ათამაშებს, იდეაფიქსად ბურთის კონტროლი დაუსახავს და, ამიტომაც, მისი გუნდის თამაშში ბევრი პრობლემა შეიმჩნევა. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში, „ნაპოლისთან“ „ბარსელონამ“ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ბარსამ 9 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, თუმცა აქედან გრანდი არც ერთი არ იყო (იბიცა, ლეგანესი, ლევანტე, ბეტისი, ხეტაფე, ეიბარი) და ვისი სახელიც უკვე პატივისცემას იმსახურებს, ვერაფერს გახდა – ვალენსიასა და ბილბაოში წააგო, „ნაპოლისთან“ კი, უღიმღამო შეხვედრაში, ფრედ ითამაშა.
სარიმ „ჩელსიში“ ევროპის ლიგა მოიგო, თუმც მაინც გაათავისუფლეს. ალბათ იმიტომ, რომ რომან აბრამოვიჩს შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ეს იტალიელის მაქსიმუმი იყო. მაურიციოც „იუვენტუსში“ გადაბარგდა. „იუვე“ „სიტი“ არ არის, გრანდის იდენტობა აქვს და მწვრთნელს დასახარჯად ნახევარ მილიარდსაც არ მისცემს. სარის პრობლემა ის არის, რომ არ შეუძლია კლუბი მისი გემოვნებით დააკომპლექტოს. მართალია, ამჟამად „იუვენტუსი“ სერია A-ს ლიდერობს, მაგრამ „ლაციომ“, რომელსაც მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, ორი თამაში ერთნაირი ანგარიშით 1:3 მოუგო (ერთი სუპერთასზე, მეორე ჩემპიონატში), „ნაპოლიმაც“ სძლია, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში კი „ლიონთან“ წააგო.
სპორტში გამორიცხული არაფერია, თუმცა შთაბეჭდილება რჩება, რომ სეტიენსა და სარის ფერარი ჰყავთ, რომელსაც გოლფ 4-ის მსგავსად ატარებენ.