„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პოლ სქოულზი ამბობს, რომ თუკი ლუკ შოუ საქმეს მთელი გულით მიუდგება, იგი შეძლებს ევროპაში უძლიერესი მარცხენა მცველი გახდეს. სქოულზის აზრით შოუს საამისო პოტენციალი აქვს. მას ნიჭი ჯერ ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია.
როდესაც გუნდი სამკაციანი დაცვით თამაშობს, შოუს მარცხენა ცენტრალურ მცველობას ავალებენ, რაც სქოულზის აზრით ფეხბურთელისთვის ზედმეტად კომფორტულია. მარცხენა ცენტრალურ მცველს ხომ ნომინალური მარცხენა მცველისგან განსხვავებით ბევრი სირბილი არ უწევს. და ექსპერტის აზრით ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული: 24 წლის მანჩესტერელი თავის შესაძლებლობებს სრულად სწორედ მაშინ წარმოაჩენს, როდესაც ნამდვილ მარცხენა მცველად გადავა და სირბილს შეუდგება.
„ეჭვი მაქვს, რომ ცენტრალური მცველობა შოუს ხელს აძლევს, რადგან იქ თავს კომფორტის ზონაში გრძნობს — ბევრი სირბილი არ სჭირდება. არადა, მარცხენა ფრთაზე მას შეუძლია ჩამოყალიბდეს ისეთ ვარსკვლავად, როგორსაც ყველანი ვინატრებდით. ოღონდ, ეს მისგან უნდა მოდიოდეს. მას თავად უნდა ჰქონდეს ამის სურვილი.
თუ შოუს ენდომება გახდეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, ეჭვი არ არის, ის ამას მიაღწევს. როდესაც წინ მიდის, სწრაფია, ძლიერი და მარცხენა ფეხით შესანიშნავად თამაშობს.
მაგრამ, როდესაც დაცვის ფლანგზე ხარ, მსოფლიოში ყველაზე გამძლე ადამიანი უნდა იყო. მარჯვენა მცველი იქნები თუ მარცხენა, მთელი დღეები ზევით-ქვეით უნდა ირბინო, ლუკ შოუს კი დღეს ასეთი ძრავა არ უდგას. ვფიქრობ, მას შეუძლია საჭირო გამძლეობა გამოიმუშაოს, მაგრამ ამას სურვილი და მუშაობა სჭირდება”.