ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო. სანამ ბარსელონაში მწვრთნელს ცვლიდნენ და მესი და აბიდალი ურთიერთობას არკვევდნენ, მადრიდელებმა სუპერთასი მოიგეს, გოლების გაშვებას გადაეჩვივნენ და გატამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. თებერვლის დასაწყისს არა უშავდა. ზიზუმ ერთხელაც მოუგო დიეგო სიმეონეს და წინ დიდებული კალენდარი ჰქონდა. მერე რაღაც მოხდა..

ჯერ იყო თასის გათამაშებიდან გამოვარდნა, როცა „სოსიედადმა“ კარიერაში პირველად აგემა ზიზუს ოთხი გოლი. მერე იყო ფრე „სელტასთან“ და მარცხი „ლევანტესთან“. წინ „ელ კლასიკოა“ და თუ „ბარსა“ მოიგებს, ერთბაშად 5 ქულით დაწინაურდება. როგორც წესი, გაზაფხულზე ასეთ ფორას აღარავინ ანიავებს, ლეო მესი კი სულ ქეჩოთი მიათრევს გუნდს მორიგი ოქროსკენ.

ზიზუმ კი „ლევანტესთან“ ქულების გარდა ედენ აზარიც დაკარგა. თანაც, სამი თვით. იოვიჩი, ვინისიუსი და როდრიგო დიდი პრობლემების გადასაჭრელად ჯერ ვერ მომწიფდნენ, ბეილი საკუთარ მილიონებს სათადარიგოთა სკამზეც მშვენივრად ითვლის და ბენზემა ჯადოქარი არ არის, რომ სასწაული მარტომ მოახდინოს.

ლა ლიგა იქით იყოს და სიტისთან მარცხიც საათნახევრის გაწვდენაზეა. გვარდიოლას გუნდს ბევრი მოტივაცია აქვს. პეპი ლიგის მესამედ მოგებას ეშურება. ფეხბურთელები კლუბისთვის პირველი „ყურებიანი თასის“ მოგებით ისტორიაში შესვლა უნდათ. არც UEFA დაივიწყოთ, რომელმაც გვარდიოლას გუნდს ორწლიანი დისკვალიფიკაციით გამოუწერა. წარმოიდგინეთ, რომ „სიტიმ“ ლიგა მოიგოს და უეფამ საკუთარი უმთავრესი ტურნირი საკლუბო ევროჩემპიონის გარეშე დატოვოს. მოკლედ, გვარდიოლას მხრიდან, რომელმაც პრემიერლიგა უკვე დათმო, მოტივაცია გიჟურია.

და რა უნდა ქნას ზიზუმ?

ფრანგს პრობლემები ადრეც ჰქონია, მაგრამ გადაულახავს. 2016 წლის გაზაფხულზე ფაქტობრივად ჩასაძირად განწირული გუნდი დაქოქა, 4 თვის თავზე ლიგაც მოიგო, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონობას ვეღარ შეწვდა.

2018 წლის გაზაფხულზე ზიზუ-სტრატეგიც ვიხილეთ. „ბარსა“ უკვე ჩემპიონი იყო და მასთან ჭიდილს აზრი არ ჰქონდა. ზიდანმა მეორე ადგილი „ატლეტიკოს“ გადაულოცა, თასიდან სულაც „ლეგანესთან“ გავარდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ისევ მოიგო. გზად ზიზუმ იუპ ჰაინკესის „ბაიერნი“ და იურგენ კლოპის „ლივერპული“ დაამარცხა.

ახლა მადრიდულ კლუბში ისევ კრიზისია – პირველად კრიშტიანუ რონალდუს გარეშე. თუ ზიდანი ამჯერადაც გაართმევს თავს, ვეღარავინ იტყვის, რომ მისი სამწვრთნელო სიდიადე რონალდუმ საკუთარი მხრებით ათრია.