გოგონა მამასთან ჩასახუტებლად გარბის… ზოგადად, ამაღელვებელი მომენტია შვილების მამებთან ჩახუტება. ერთი ასეთი მომენტი კი, ალბათ სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში…
2005 წლის 3 ივლისი, უიმბლდონის ცენტრალური კორტი, 17 წლის ულამაზესი გოგონა ტრიბუნებისკენ გარბის, მან ეს ესაა გადატრიალება მოახდინა ჩოგბურთში და სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად იქცა. გარბის მაშა, გარბის მამასთან ჩასახუტებლად, მამასთან რომელიც თავის მხრივ რიგებს და სექტორებს ახტება შვილთან შესახვედრად… ეპიკური კადრია იური შარაპოვის შვილთან შეყრა…

ბევრი ბარიერი გადალახა მამა-შვილმა ამ ჩახუტებამდე. იურიმ ყველაფერი გადადო, ხელი ჩაკიდა გოგონას, ჩაიყვანა ამერიკაში და ლამის კარდაკარ ატარა იქამდე, ვიდრე მომავალი ჩემპიონი სასურველ გარემოში არ მოახვედრა. უიმბლდონის ეკლიანი გზის გვირგვინი კი სერენა უილიამსთან ფინალი იყო, სადაც უშანსოდ მოსჩანდა პირმშვენიერი რუსი. ბევრისთვის მოულოდნელად, მწვანე კორტზე საოცარი სიმსუბუქით დასრიალებდა შარაპოვა და დაუჯერებლად იოლად, მაგრამ დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი – 6:1.მერე იყო ბრძოლა მეორე სეტში, 5:4 ზე მატჩზე ჩასაწოდებლად რუსი თინეიჯერი დადგა და მალე მუხლებზეც დაემხო ბედნიერებისგან აქვითინებული.

… და 2020 წლის 26 თებერვალი. ჟურნალისტებით გადაჭედილი საკონფერენციო დარბაზი და ისევ აცრემლებული მარია შარაპოვა: „,ჩოგბურთო გემშვიდობები. მაშინ როდესაც საკუთარ ცხოვრებას გიძღვნიდი, შენ მომეცი ცხოვრება. მე შენ ყოველდღე მომენატრები,“ – ასე ემოციურად დაემშვიდობა ჩოგბურთს რუსი სპორტსმენი

უიმბლდონურ ტრიუმფს, მალე ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა. 18 წლის შარაპოვა მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა და დაიძრა მაშა კარიერული დიდი სლემისკენ… 19 წლისამ ამერიკის ღია ჩემპიონატის ფინალში ბელგიელი ჟუსტინ ენენი შემუსრა ორ სეტში. აქიდან ორი წლის თავზე კი ავსტრალიის ღიაზე ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ლამაზთა ფინალში ანა ივანოვიჩი დაამარცხა და სრული ტრიუმფისთვის როლან გაროსის მოგება რჩებოდა, რომელიც მაშას აქილევსის ქუსლად იქცა. დრო გადიოდა და შარაპოვა ვერაფრით ახერხებდა პარიზულ თიხნარზე წარმატებას.
„გრუნტზე თავს ისე ვგრძნობ,როგორც ძროხა ყინულზე,“ ამბობდა რუსი ლამაზმანი, მაგრამ მისმა შეუპოვრობამ და მიზანდასახულობამ შედეგი მაინც მოიტანა – 2012 წელს, პარიზში შარაპოვამ კარიერული დიდი სლემი შეასრულა და ჩოგბურთის ისტორიაში მეათე ქალი გახდა, ვინც ამის მიღწევა შეძლო…

„გვერდიდან რომ შეხედავ, ის ცივი და არამეგობრულია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მაშა კეთილი გოგონაა და ყოველთვის მზადაა ისწავლოს, გამუდმებით ისწავლოს,“- შარაპოვას ბოლო მწვრთნელის, იტალიელი რიკარდო პიატის ეს სიტყვები გარკვეულწილად ხსნის მარიას წარმატებების საიდუმლოს.

სწორედ სწავლის გამუდმებულმა სურვილმა მიიყვანა შარაპოვა პარიზულ ზეობამდე. საოცარი იყო მისი ბრძოლა ჩეხ პეტრა კვიტოვასთან – მათი ნახევარფინალური მატჩი, რეალურად ფინალის ტოლფასი იყო. ამ წყვილს ერთი წლით ადრე უიმბლდონის ფინალი ჰქონდა გათამაშებული, სადაც კვიტოვამ იმარჯვა და ამდენად შარაპოვა პარიზულ თიხნარზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა. მაშა საოცრად ლამაზი იყო – „ნაიკის“ შავ კაბასა და შავ კეპში გამოწყობილი ნიავივით დაქროდა ქარიან მატჩში. 6:3,6:3 და ფინალი იტალიელ სარა ერანისთან, რომელიც ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა შარაპოვამ. შეხვედრის გვირგვინი გამარჯვების მომტანი გამაოგნებელი ბექჰენდი იყო, რომლის დროსაც ერანი ამაოდ გარბოდა ბურთის მისაღებად. ორი წლის შემდეგ, შარაპოვამ ისევ გაიმეორა პარიზული ტრიუმფი, როცა ეპიკურ ფინალში რუმინელ სიმონა ჰალეპს სძლია სამსეტიან დაპირისპირებაში…

მერე იყო წყეული მილდრონატი-პრეპარატი რომელმაც დოპინგსკანდალი წარმოქმნა და ტანჯვად უქცია ცხოვრება. ოჯახის ექიმის რჩევით შარაპოვა თითქმის ათი წელი მოიხმარდა მილდრონატს, თუმც მოგვიანებით ეს პრეპარატი დოპინგის შემცველ წამალთა ნუსხაში შეიტანეს, რაზეც ინფორმირებული არ იყო, რასაც თვალცრემლიანი მაშა ამაოდ უხსნიდა სკანდალურ პრესკონფერენციაზე შეკრებილთ – მისი არავინ დაიჯერა, არც „ნაიკმა“, რომელიც წლების მანძილზე სპონსორობდა ჩოგბურთელს. შარაპოვამ იმდენად ემოციურად განიცადა მომხდარი, რომ არავის ეგონა თუკი როდესმე ჩოგბურთს დაუბრუნდებოდა, მაგრამ დაბრუნდა, თუმც ძველი ბრწყინვალებით ვეღარ…

40 მილიონამდე გამომუშავებული საპრიზო თანხა WTA-ს მოგებული 39 ტურნირი, 5 დიდი სლემი, ოლიმპიური ვერცხლის მედალი – ციფრები და ფაქტები, რომლის მიღმაც დგას ერთი ლამაზი, უაღრესად ლამაზი გოგონა, რომლის ძლიერი და ბრტელი დარტყმა, ბადეს მილიმეტრებში გადავლებული ბურთი მუსრავდა რაგინდარა მეტოქეს…
მაგრამ, სადღაც რაღაც ყოველთვის მთავრდება და ჩოგბურთშიც ერთი დიდი ,,პირმშვენიერი ეპოქა“ დასრულდა – მარია შარაპოვა წავიდა…