პეპ გვარდიოლამ თქვა, „რეალთან” სათამაშო ტაქტიკას ათი დღე ვამუშავებდიო. შედეგად, იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ორწლიანი ევროდისკვალიფიკაციის წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა, კევინ დე ბრუინის შთაგონებულმა ქალაქელებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2:1 მოიგეს. ბელგიელმა პირველი გოლის დროს გაბრიელ ჟესუსს გაუწია საუცხოო ასისტენტობა (იხ. ვიდეო), მეორე კი თავად შეაგდო პენალტით.
ანგარიში მადრიდელმა ისკომ გახსნა.
ინგლისური პრესა წერს, რომ „სიტის” ასეთი წარმატებისთვის ჩემპიონთა ლიგაში გატარებული ცხრა სეზონის განმავლობაში ჯერჯერობით არ მიუღწევია.
გვარდიოლას სიურპრიზი კი ის იყო, რომ მან სერხიო აგუერო, რაჰიმ სტერლინგი და დავიდ სილვა არ ათამაშა, ხოლო დე ბრუინს ცრუ ცხრა ნომრობა დაავალა.
„მანჩესტერ სიტიმ” ისტორიაში პირველად მოუგო მადრიდის „რეალს”.
გვარდიოლა: „მე ვალდებული ვარ მეტოქეებს ვიცნობდე. ათი თავისუფალი დღე გვქონდა და ამ ათი დღის განმავლობაში „რეალის” უამრავი თამაში ვნახე. საოცრად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მაგრამ ამ დაპირისპირებაში ჯერ მხოლოდ პირველი ნახევარი დასრულდა.
თუკი არსებობს კლუბი, რომელსაც შეუძლია ასეთ მდგომარეობას თავი დააღწიოს და მაინც მოიგოს, ეს „რეალია”, მაგრამ შედეგი თავისთავად კარგი იყო”.
დე ბრუინმა კი თქვა, რომ გვარდიოლას ჩანაფიქრს ფეხბურთელები ხანდახან თამაშამდე რამდენიმე წუთით ადრე იგებენ.
„პეპთან ოთხი წელიწადია რაც ვთამაშობ, და ვიცი, რომ ხანდახან მას შეუძლია გაგაოცოს. არის შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელებმა უშუალოდ მატჩის დაწყებამდე არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.
ისეთი მაღალი დონის შეხვედრებში, როგორიც დღეს გვქონდა, ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის. ამიტომაც იყო თამაშის მსვლელობისას კარგი და ნაკლებად სახარბიელო მონაკვეთები.
ჯერჯერობით შუა გზაში ვართ. სამ კვირაში უმნიშვნელოვანესი საპასუხო მატჩი გველის.
ახლა, ძალები კარგად უნდა აღვიდგინოთ, რათა კვირას „კარაბაოს თასის” ფინალს საღად შევხვდეთ”.
„რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი: „ცუდი საღამო იყო. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ „რეალი” ვართ და მიზნის მიღწევა ყველა ვარიანტში შეგვიძლია”.
ამასობაში კი სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მანჩესტერ სიტის” აპელაცია მიიღო და რეგისტრაციაში გაატარა.