ჩოგბურთში არც ისე იშვიათად ყოფილა შემთხვევები, როდესაც 15-17 წუთის მანძილზე ერთი გეიმი გაგრძელებულა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი მოახერხა და ამ დროში საერთოდ სეტი წააგო. თან ფიქრობთ, მეორე პარტიაში გაბრაზდა ეს რა დამემართაო და მეტოქეს საკადრისი წინააღმდეგობა გაუწია? არა, ისიც დაახლოებით იმავე დროში წააგო და ჯამში ისე გამოვიდა, რომ იან ლენარდ-შტრუფს ერთ საფეხბურთო ტაიმზე ნაკლები დასჭირდა, ჩვენებურისთვის ისე ეჯობნა, ნიკოლოზი დიდხანს რომ ვერ დაივიწყებს.
ასე თუ უნდა დამართნოდა, ალბათ ჯობდა პირველ წრეში რიჩარდას ბერანკისთან წვალებით მოგებული მატჩი წაეგო. თვითონაც და გულშემატკივარიც თავს იმით მაინც დაიმშვიდებდნენ, ბრძოლაში დამარცხდაო. რაც შტრუფთან კორტზე ვიხილეთ, ისეთი რთული შემთხვევა იყო, სიტყვებს ძნელად რომ მოუძებნი.
შესაძლოა, ამ მატჩის გამო ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის ანტირეკორდების ნუსხაში დაიმკვიდროს ადგილი. საეჭვოა, ATP ტურში და კონკრეტულად ამ ტურნირზეც, ხშირად დაფიქსირებულიყო მოთამაშეს სეტი 18, ხოლო მატჩი დაახლოებით 37-40 წუთში წაეგო. საჩოგბურთო სტატისტიკოსებისგან მოგვიანებით ალბათ ამის შესახებაც შევიტყობთ.
1:6, 0:6 – შტრუფთან. ასე დასრულდა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დუბაის ტურნირი და შესაბამისად 90 ქულაც დაიკარგა. ქართველმა მეჩოგნემ, წლეულს, აქამდე გამართულ ტურნირებზე შარშან გამომუშავებული ქულები ერთხელაც ვერ დაიცვა და რეიტინგშიც დაბლა და დაბლა ეშვება.
ფაქტია, რომ 2020 წლის სეზონის საწყისი ორი თვე ბასილაშვილისთვის საშინლად წარუმატებელი გამოდგა და ჯერჯერობით სასიკეთო ნიშნებიც არ იკვეთება. 6-7 მარტს, თბილისში, საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ესტონეთის გუნდს უნდა დაუპირისპირდეს და იმედი ვიქონიოთ ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარი ქომაგების თვალწინ იყოჩაღებს.