ჯეკ გრილიშზე პირველად ოთხი წლის წინათ შევიტყვეთ.

მოგეხსენებათ, ბრიტანულ მედიას უყვარს ხოლმე ამბების გაბუქება. მაშინაც ტაბლოიდებმა დაწერეს, „ასტონ ვილაში“ ახალი ჯორჯ ბესტი გამოჩნდა. ის ძალიან ტექნიკურია და ხასიათითაც ჰგავს ლეგენდარულ ჩრდილოირლანდიელს. მაგალითად, მინდორზე ჩაჩაჩული წინდებით დაიარება და მსაჯებისგან ამის გამო საყვედურებ იღებსო.

მას შემდეგ გრილიშის შესახებ ბევრი არაფერი გაგვიგია. ბირმინგემელები პრემიერლიგიდან გავარდნენ და ისევ დაბრუნდნენ. ახლა გრილიში „ასტონ ვილას“ კაპიტანია და როგორც ამბობენ, დიდი შანსია, ზაფხულში ინგლისის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ზე ვიხილოთო.

ითქვა, რომ გრილიში „მანჩესრერ იუნაიტედს“ დაინტერესდა, მისით პირადად ულე-გუნარ სულშერია დაინტერესებული და ლესტერელ ჯეიმს მედისონთან ერთად, პრიორიტეტული სატრანსფერო მიზანიაო.

„ეშმაკუნების“ ხელმძღვანელები გრილიშის ახლავე დაყოლიებას ეცდებიან, ამ შემთხვევაში მათ 24 წლის პლეიმეიკერში 45 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევთ, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისი ფასი გაცილებით გაიზრდებაო. ოფიციალურად მანჩესტერელები გრილიშს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაიფორმებენ, მაგრამ საქმეს თებერვალში მოაკვარახჭინებენ.

იუნაიტედი შეეცდება ჭირვეული პოლ პოგბა გაყიდოს, რომელსაც „რეალი“ და „იუვენტუსი“ უხმობენ. ფრანგის ფასი დაახლოებით 150 მილიონი გირვანქაა. ამ თანხას ახალ ტრანსფერებში, მათ შორის გრილიშისა და მედისონის საყიდლად გამოიყენებენ.

გრილიში „ასტონ ვილას“ გაზრდილია, 6 წლიდან ირიცხება ამ კლუბში, მაგრამ ბირმინგემელებს პრემიერლიგაში კარგად ვერ მისდით საქმე, გრილიში კი ჩემპიონშიფში თამაშზე კატეგორიულ უარს აცხადებს.