იურგენ კლოპმა თქვა, გაგვიმართლა „ვესტ ჰემის” მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი უხეშად რომ შეცდა და  გოლი გვაჩუქაო. ამბავი ასე იყო: ინგლისური ფეხბურთის ლიდერი, „ლივერპული”, 1:2-ს აგებდა და „ენფილდზე” ბოლო 13 თვეში პირველი პრემიერლიგური წაგების კონტურები იხაზებოდა (თუმცა თამაშის დამთავრებამდე ჯერ 22 წუთი იყო დარჩენილი), როდესაც ფაბიანსკის მო სალაჰის დარტყმული ხელებში გაუძვრა. ფაქტობრივად დაჭერილი ბურთი (იხ. ვიდეო) რაღაც მანქანებით ლონდონელთა კარის ბადეში შევარდა, რასაც შემდეგ მერსისაიდელთა კიდევ ერთი გოლი მოჰყვა და შედეგად, ლიდერმა, 27 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ სიტისთან” 22 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

კლოპი: „ყველა გოლი უცნაურად გავიტანეთ. სალაჰის შემთხვევაში კი გაგვიმართლა, რადგან ფაბიანსკი, ჩვეულებრივ, ასეთ ბურთებს ხელში იჭერს. რიკოშეტი წაგვეხმარა გამარჯვების გოლის დროსაც, რომელიც სადიო მანემ გაიტანა. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც 1:2-ს ვაგებდით, ვგრძნობდი, რომ სტადიონზე არავინ ნერვიულობდა. აშკარად ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შევძლებდით ანგარიშის გათანაბრებას და გამარჯვებას.

ალბათ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა უკეთ, მაგრამ ამდენი ხნის დაუმარცხებელი გუნდი ყველა შეხვედრას საუკეთესოდ ვერ ჩაატარებ”.

ახლა „ლივერპული” ერთი მონაცემით „მანჩესტერ სიტის” გაუტოლდა — ზედიზედ 18 თამაში მოიგო.

ისევ კლოპი: „ვერ ვიფიქრებდი, ეს რეკორდი თუ ოდესმე განმეორდებოდა, მაგრამ აგერ, ჩვენ გავიმეორეთ და სიხარულისგან არც მჯერა, რომ ეს სინამდვილეა.

წინ კიდევ ბევრი საქმე გველის. მოგებები უნდა განვაგრძოთ. ყოველ შეხვედრაში ბრწყინვალედ თამაშზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ, ბიჭები მზად არიან ბრძოლა არ შეანელონ და ეს სრულიად მაკმაყოფილებს”.