წლეულს საშეჯიბრო კალენდარში მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი -ATP-ის თასი გაჩნდა, რომელსაც იანვრის დასაწყისში ავსტრალიამ უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულადაც წარიმართა. სასიამოვნო იყო, რომ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა და ურუგვაის დამარცხებაც შეძლო.
ATP თასის პირველმა გათამაშებამ, რომლის გამარჯვებულიც ნოვაკ ჯოკოვიჩის წინამძღოლობით სერბეთის ნაკრები გახდა დაგვანახა, რომ ტურნირისადმი ინტერესი, როგორც მაყურებლების, ასევე სპეციალისტების და თავად მოთამაშეების მხრიდან საკმაოდ დიდი იყო და ნამდვილად მისასალმებელი წამოწყებაა, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩოგბურთში დევისის თასიც არსებობს, რომელიც უკვე ახალი ფორმატით იმართება და ჩემპიონი რაფაელ ნადალის ესპანეთი გახდა.
სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი მიიჩნევენ, რომ ვაჟთა შორის ორი სანაკრებო შეჯიბრის არსებობა საჭირო არ არის და რამენაირად აზრთა შეჯერება უნდა მოხერხდეს, რათა დევისის და ATP თასის გათამაშებების გაერთიანება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ თუ რომელ ტურნირზე ითამაშონ.
„ATP თასზე ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევდა და ბედნიერი ვარ, რომ სერბეთის ნაკრები ისტორიაში შევედა, როგორც ამ პრესტიჟული ტურნირის პირველი გამარჯვებული, მაგრამ სამომავლოდ ვფიქრობ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დევისის თასიც ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანი გათამაშებაა, რომელსაც უდიდესი ტრადიციები აქვს და იქ მონაწილეობაც ყველასთვის საამაყოა. ჩემი აზრით, ორი დაახლოებით იდენტური ტურნირის არსებობა საჭირო არ არის და მათ გაერთიანება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველწლიურად არჩევანის გაკეთება მომიწევს,“ – ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩი.
სერბ ჩოგბურთელს კვერს უკრავს რაფაელ ნადალიც. დიდი სლემის 19-გზის გამარჯვებული და გრუნტის მეფე ნოლეს სიტყვებს იზიარებს და ჩოგბურთის მამებს აზრთა შეჯერებისკენ მოუწოდებს. „ATP-ის თასის ემოციებისგან ახლაც ვერ გამოვსულვარ და სერბეთთან წაგებულ ფინალზეც ხშირად მეფიქრება. ძალიან მსურდა ჩემპიონობა ესპანეთს მოეპოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. რაც შეეხება ტურნირის მოდელს ვფიქრობ ის შესაცვლელია და მისი დევისის თასთან შერწყმა უნდა მოხდეს,“ – ეს უკვე რაფას სიტყვებია.
ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაიში, ხოლო რაფაელ ნადალი აკაპულკოშია და 500-იანი კატეგორიის ტურნირის მოგებას ცდილობენ. თან რაფას დამატებითი მოტივაციაც აქვს. თუ ესპანელი მეჩოგნე მექსიკაში იჩემპიონებს, ხოლო ნოლეს დუბაიში ფეხი დაუცდება ის კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდება.