ხიხონის „სპორტინგის” B გუნდის კუბელმა მეკარემ კრისტიან ჯოელმა გულისტკივილი გამოთქვა, რომ ესპანურ ფეხბურთში რასიზმი ჯერ კიდევ მძვინვარებს.

ხიხონელებს „იბიცასთან” ჰქონდათ თამაში. ჯოელმა იქაურ ბურთის მიმტანებს, რომელთაც ჩვენში რუსული სიტყვით, „აუტჩიკით” მოვიხსენიებთ, თავისი მაისური აჩუქა, მათ კი შეურაცხმყოფელი ვიდეო ჩაწერეს და ჯოელს სოციალურ ქსელში ჩაუგდეს. ამ ვიდეოს ჩვენც გთავაზობთ, სადაც მკაფიოდ ისმის, როგორი ზიზღითა და დაცინვით უწოდებენ ბიჭები კუბელ მეკარეს ემიგრანტს. ვიზუალურ ნაწილს კი კომენტარი არ სჭირდება.

„თამაშის შემდეგ ბურთის მომტანმა ბიჭებმა ვიდეო გამომიგზავნეს, სადაც ხელში ჩემი მიცემული მაისური უჭირავთ და ემიგრანტს მეძახიან. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციებისგან ისევ არა ვართ დაცულები. არადა, ჩვენს საზოგადოებაში რასიზმი ფეხს ვერ უნდა იკიდებდეს,” — თქვა 20 წლის შეურაცხყოფილმა მეკარემ.

მოგვიანებით, „იბიცამ” ხიხონის გუნდის წინაშე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ რასისტი აუტჩიკები ფეხბურთის აკადემიიდან გარიცხა.