ესპანეთში მორიგი სკანდალი მომწიფდა. „ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლეგანესიდან“ მარტინ ბრაიტვაითის ტრანსფერის შესახებ, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა კარგა ხნის დახურულია. გავარკვიოთ, რა მოხდა:

კატალონიელთა ფორვარდი უსმან დემბელე 5 თვეზე მეტით გამოვიდა მწყობრიდან. სპეციალურმა კომისიამ განიხილა სამედიცინო მონაცემები და პროგნოზები, რის შემდეგაც „ბარსას“ სპეციალური შიდაესპანური წესით სარგებლობის უფლება მიეცა – მხოლოდ ესპანური კლუბიდან დაიმატოს ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის მიუხედავად და დაიხმაროს მხოლოდ შიდაესპანურ ტურნირებში. კატალონიელებმა ამ უფლებით ისარგებლეს, „ლეგანესს“ ბრაიტვაითის კონტრაქტში გამოსასყიდად დათქმული 18 მილიონი ევრო გადაუხადეს და საუკეთესო ფორვარდი წაჰგვარეს.

„ლეგანესი“ ისტორიაში მეოთხე სეზონს ატარებს ლა ლიგაში და გადარჩენისთვის იბრძვის. მე-19 ადგილზე მყოფ კლუბს ასევე გამოსასყიდის საფასურად იანვარში მაროკოელი იუსიფ ენ-ნასირიც წაართვეს და ბრაიტვაითი მათი ერთადერთი ფორვარდი იყო. მადრიდის გარეუბნის პატარა კლუბმა ლიგას ფეხბურთელის დამატების უფლება სთხოვა და უარი მიიღო. კლუბის გენდორექტორი მარტინ ორტეგა აღშფოთებას ვერ მალავს ბარსელონელთა არაკოლეგიალობის გამო, მაგრამ ესპანური წესები კატალონიელთა მხარესაა.

სამაგიეროდ, სულაც არაა „ბარსას“ მხარეს საზოგადოებრივი აზრი. ყველაზე გავლენიანი გამოცემა „მარკას“ რედაქტორ რობერტო პალომარის გამანადგირებელი სტატიით გამოვიდა. მან ბრაიტვაითის „ლეგანესიდან“ წაყვანას სპორტულად საეჭვო, ფინანსურად იდიოტური და მორალურად ძალიან ცუდი საქციელი უწოდა. კატალონიელები ძველი დროის ცხენის ქურდებს შეადარა. მიუხედავად კონტრაქტში ჩადებული გამოსასყიდი თანხისა, კლუბი კლუბს უნდა დალაპარაკებოდაო, წერს მთავარი რედაქტორი.

„ლეგანესი“ ფაქტობრივად განწირულია. არგებს თუ არა ბრაიტვაითი „ბარსას“ რამეს, უცნობია. კლუბის საქმიანი იმიჯი კი სერიოზულად შეირყა.