საქართველოს ჩემპიონის შარშანდელ ტიტულსა და თასს „საბურთალომ“ წლეულს სუპერთასიც დაუმატა და სრული კომპლექტი შეკრა – გუნდმა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ მთლად კარგი ამბები არ ისმოდა, რასაც ახალდანიშნული მწვრთნელის დათხოვნა მოჰყვა, ქვეყნის ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ ვაკეში, მიხელ მესხის სათადარიგო მოედანზე, სუპერთასის მატჩში უსიტყვოდ და მართალია მინიმალური ანგარიშით, მაგრამ სრულიად დამსახურებულად აჯობა.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-14 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად გიორგი კოხრეიძემ შეასრულა. „საბურთალოს“ იქამდეც და მერეც, საგოლედ კიდევ ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი იკმარა.
აღსანიშნავია, რომ დინამო მოედანზე ტრადიციული ლურჯი და თეთრი ფორმით არ ყოფილა, მათ შავი ფორმები ეცვათ, რომელზეც 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპული იუნკერების გვარები ჰქონდათ გაწყობილი. ეს მაისურები აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.