ბრუნო ფერნანდეში პოლ სქოულზივით თამაშობს და ლიდერის თვისებებსაც ავლენსო, თქვა 25 წლის პორტუგალიელის ათწუთიანი ფეხბურთით აღფრთოვანებულმა ოლე გუნარ სულშერმა ევროპალიგაში „ბრიუგესთან” შეხვედრის შემდეგ.

თუ რას ნიშნავდა სქოულზი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, გულშემატკივარმა კარგად იცის, მაგრამ აგერ, ფერნანდეშზე ამბობენ, ჟღალი ინგლისელისგან განსხვავებით მოედანსა თუ გასახდელში ხმაც ამოეღებაო. არადა, ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” „სპორტინგიდან” ერთი თვის გადასულიც არ არის. მანჩესტერელებმა მასში 46,6 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.

სულშერი: „ის სქოულზს მაგონებს, მაგრამ აშკარად სხვანაირი პიროვნებაა. „ბრიუგესთან”, თანაგუნდელებთან მიდიოდა, ახლგაზრდებს ასწავლიდა, ამხნევებდა, ეხმარებოდა. ფერნანდეშმა მოედანზე სულ ათი წუთი დაჰყო და ამ მოკლე დროის განმავლობაში გუნდს დაეტყო. ის ჩვენი ახალი დირიჟორი და ლიდერია. მან თავისი შესაძლებლობების 99 პროცენტიც კი არ ითამაშა და მაინც მოახერხა ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა. ბრუნო გახლავთ ფეხბურთელი, რომლის უნარებსაც სრულყოფილად ვერ მიხვდებით, სანამ თქვენი გუნდის წევრი არ გახდება”.

ხუთშაბათს, ბრიუგეს ავდარში, რომელიმე ფეხბურთელზე ჩამოყალიბებული აზრის შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მატჩის შემდგომ, ქარსა და თქეშზე თავად სულშერმა გაამახვილა ყურადღება, მაგრამ ფერნანდეშის მოედანზე შესვლა „იუნაიტედს” რომ დაეტყო, ესეც ფაქტია.

პორტუგალიელი გაბედულად მიიწევდა მასპინძელთა კარისკენ გოლი რომ გაეტანა და თუ რამე არ გამოსდიოდა, სულაც არ ერიდებოდა თავისი ახალგაცნობილი თანაგუნდელებისთვის საყვედური ეთქვა, უკმაყოფილება გამოეხატა.

ინგლისური მას მედიაც წერს, რომ კატეგორიულად ლაპარაკი ჯერ კი ადრეა, მაგრამ ბრუნო ფერნანდეში ძალიან ჰგავს იმ მოთამაშეს, რომელსაც ოსტატობაც ჰყოფნის და მტკიცე ხასიათიც; მოკლედ, ფიგურას, რომელიც ასე აკლდა „მანჩესტერ იუნაიტედს”.

და იგივე შეიძლება ითქვას ჰარი მაგუაირზე, რომელიც, წავიდა თუ არა იანვრის თვეში ეშლი იანგი „ინტერში”, კაპიტნად დაასახელეს, გაგვიძეხიო.

ისევ სულშერი: „ამის შესახებ ჰარის წინასწარ ველაპარაკეთ. არ ველოდი „ოლდ ტრეფორდზე” გადმოსვლიდან ასე მალე (მაგუაირი „ლესტერიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” 2019 წლის ივლისში გადავიდა) თუ გახდებოდა კაპიტანი, მაგრამ შევხედეთ, დავაკვირდით, ვნახეთ, რომ მწვრთნელების და თანაგუნდელების თანდასწრებით ხმას იღებს, გამოცდილია და ყველა ის თვისება აქვს, რომელიც კაპიტანს სჭირდება. ამას დაამატეთ, რომ მაგუაირი ფეხბურთს თამაშობს კარგად. მისი შეძენის აზრიც სწორედ ამაში იყო. ჩვენ მტკიცე ხასიათის ადამიანებს, ლიდერებს ვეძებთ.

„მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრი კაპიტანი ჰყოლია: გარი ნევილი, როი კინი, ერიკ კანტონა, რაიან გიგზი… ისინი განსხვავებული პიროვნებები იყვნენ. ჰარი მაგუაირიც თავისებური ადამიანია და დღეს სწორედ ის არის ჩვენი კლუბის წინამძღოლი. ჩვენი კლუბი კი მსოფლიოში უდიდესი თუ არა, ორ ან სამ უდიდესთაგანი ნამდვილად არის”.