დუბაის უპრესტიჟულესი ტურნირი წლეულს მოქმედ ჩემპიონს მოისაკლისებს – როჯერ ფედერერმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ბალახის სეზონამდე ანუ ივნისამდე იუქმებს. ამიტომაც, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ დუბაის შეჯიბრს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყება, საპრიზო ფონდით თითქმის 3 მილიონ დოლარს უტოლდება და 500-იან კატეგორიას განეკუთვნება, ახალი გამარჯვებული ეყოლება.
წლეულს, დუბაიში ჩასვლა გადაწყვიტა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რა გასაკვირია, რომ ტურნირის ნომერ პირველ ფავორიტადაც ის მიიჩნევა. ორგანიზატორებმა, მეორე განთესვა ფრანგ გაელ მონფისს მიაკუთვნეს, ვისაც სეზონის დასაწყისი მართლაც შთამბეჭდავი გამოუვიდა, რაც მონპელიესა და როტერდამში მიჯრით მოგებული ორი ტურნირითაც თვალნათლივ ჩანს. მესამე ნომრად განთესილი კი ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.
ჩვენი ინტერესის მთავარი ობიექტი, ცხადია, ნიკოლოზ ბასილაშილი იქნება, რომელიც ამ სეზონში წარმატებით ჯერჯერობით ვერ გვახარებს. იმედია, ჩვენიანისთვის დუბაის ტურნირი წინაზე უკეთესი აღმოჩნდება, ქულების დაცვასაც მოახერხებს და მოგების გემოს გაიხსენებს. დუბაიში მას მინიმუმ ორი ეტაპის გავლა და მეოთხედფინალში გასვლა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შარშან გამომუშავებულ 90 ქულას ისევ ქარს გაატანს. შეგახსენებთ, შარშან ბასილაშვილმა დუბაიში კარენ ხაჩანოვს და რობერტო ბაუტისტა-აგუტს სძლია. ესპანელ ჩოგბურთელთან დაპირისპირების ალბათობა წლეულსაც დიდია და თან ისევ მეორე წრეში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ბასილაშილი სასტარტო მატჩში რიჩარდას ბერანკისს აჯობებს, ხოლო ბაუტისტა-აგუტი თავისმხრივ ლენარტ შტრუფს.
ურთიერშხვედრების სტატისტიკა ბასილაშვილის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს. ლიეტუველ მეჩოგნეს ქართველთან ასპროცენტიანი შედეგი აქვს – ორი მატჩი, ორი მოგება. ისიც, უნდა ითქვას, რომ ბერანკისმა ბასილაშვილს ორივეჯერ 2014 წელს აჯობა, როდესაც ნიკა რეიტინგში ჯერ კიდევ ასეულს მიღმა იყო.
ამჯერად სხვა მოცემულობაა. ბასილაშვილმა საგრძნობი პროგრესი განიცადა და ერთი პერიოდი მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო, ახლა კი 28-ე პოზიციაზეა. რაც შეეხება ბერანკისს, ლიეტუველი 66-ე ნომერია. შესაბამისად, უპირობო ფავორიტად ჩვენებურია მიჩნეული.
ბასილაშილი – ბერანკისი დუბაიში ორშაბათს ითამაშებენ.