დღეს, 22 თებერვალს, ქუთაისის „აია არენაზე“ დიდი რაგბია – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020  წლის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს გამართავს, მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.

წლევანდელი „მეორე ექვსი ერი“ ძალიან მოულოდნელად და სენსაციურადაც კი ვითარდება. თავად განსაჯეთ: ერთპიროვნულ ლიდერ საქართველოს თუ არ ჩავთვლით, ცხრილში დიდი არეულობაა. მეორე ადგილზე ტურნირზე წლეულს დაბრუნებული პორტუგალიის ნაკრებია,ხოლო მესამეზე – ბელგია. არადა ამ ორ გუნდზე გაცილებით ავტორიტეტული და სოლიდური ესპანეთი, რუსეთი და რაც მთავარია, რუმინეთი მომდევნო ადგილებზე იმყოფებიან, თან ეს ორი უკანასკნელი ჯერაც უქულოდაა!

მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა და ამდენად, ბორჯღალოსნებს მორიგ მეტოქესთან ისეთივე მობილიზება მართებთ, როგორც ეს რუმინეთთან და ესპანეთთან შეხვედრებში შეძლეს. შეხსენებისთვის, ტურნირის სტარტზე ლევან მაისაშვილის რაზმმა რუმინეთი თბილისში 41:13 გაანადგურა, ხოლო მომდევნო ტურში მადრიდში ესპანეთი დაამარცხა – 23:10.

ბელგიელებმა შეჯიბრება პორტუგალიაში გასვლითა და მცირე სხვაობით მარცხით დაიწყეს – 17:23, რამაც ბონუს-ქულა მოუტანა, ერთი კვირის შემდეგ კი რუსებს უმასპინძლეს და კუდით ქვა ასროლინეს. 38:12 – ასე იმარჯვეს ბელგიელებმა თავისი რაგბის ისტორიაში ამ ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩში. ბორჯღალოსანთა დამრიგებელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მეტოქესაც სრული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ, რადგან შემთხვევით ასეთ გამარჯვებას ვერავინ აღწევს.

„რუსებს ყველა თავისი შეტევის ლელოთი დაგვირგვინება შეეძლოთ, მაგრამ კონცენტრაცია დაკარგეს, მობილიზება ვერ მოახდინეს, ანუ ბელგიელები სათანადოდ ვერ დააფასეს. ამდენად, ამ შედეგს სავსებით ლოგიკურად მივიჩნევ. მეტოქის სიძლიერეს მნიშვნელობა არ აქვს – ყველას მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოეკიდო“, – აცხადებს მაისაშვილი და დასძენს, – „სამწუხაროა, რომ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად მცირე დრო გვაქვს. სრული შემადგენლობით მხოლოდ ხუთშაბათს თბილისში შევიკრიბეთ და უშუალოდ მატჩისთვის უვე ქუთაისში მოვემზადებით“.

ჩვენს ნაკრებში კი ბევრი სიახლეა. იმით დავიწყოთ, რომ ამ შხვედრაზე გუნდს ისტორიაში მისი 33-ე კაპიტანი გაიყვანს. მაისაშვილის გადაწყვეტილებით, ეს იქნება ბორჯღალოსანთა 23 წლის 8 ნომერი ბექა გორგაძე – ახალი თაობის მორაგბეთა გამორჩეული წარმომადგენელი და საფრანგეთის ტოპ 14-ის ერთპიროვნული ლიდერ „ბორდოს“ წევრი. კარგია, რომ მაისაშვილი ახალგაზრდებს ენდობა – ეს ხომ ის ხალხია, ვინც ტიტულოვანი ქართველი მორაგბეების მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. გორგაძეს კი ბელგიასთან მატჩი 26-ე სანაკრებო კეპს მოუტანს.

ბელგიასთან სამატჩო განაცხადში ორი დებიუტანტია: მსოფლიოს 20-წლამდელთა ორი ჩემპიონატის მონაწილე ლაშა ჯაიანი, რომელიც დღესდღეობით ინგლისში, ექსეტერის უნივერსიტეტის სარაგბო გუნდში თამაშობს; მეორე ახალწვეული კი, „ლელო-სარასენსისა“ და 20-წლამდელთა ამჟამინდელი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დემე თაფლაძეა, რომელიც უკანა ხაზის ცენტრში შაბათს ცენტურიონ დავით კაჭარავას ჩაანაცვლებს. ორივე დებიუტანტი გამორჩეული იყო თავისი ფორმაციის ახალგაზრდა ბორჯღალოსნებში და ფაქტია, რომ ეროვნული გუნდის წევრობასაც იმსახურებს.

თაფლაძის თანატოლი, 19 წლის ვანო კარკაძე კი პირველად იქნება ნაკრების სასტარტო კვაჭი. შერკინების პირველ ხაზში მას პარტნიორობას ასევე ახალგაზრდები გაუწევენ – მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი იქნება, მარჯვენა – გიორგი მელიქიძე. მეორე ხაზში ჯაიანს ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, ხოლო მესამეში გორგაძე კოკი თხილაიშვილისა და გიორგი ცუცქირიძის წყვილს შეკრავს.

ღერძიც ახალგაზრდულია: N9 – გელა აფრასიძე, N10 – თედო აბჟანდაძე. შუამარბებად ხსენებული თაფლაძე და მრავალნაცადი ლაშა მალაღურაძე ითამაშებენ. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი 100-კეპიანი ზღვარის მიღწევის უპირველესი კანდიდატია – ბელგიასთან ლაშა 98-ედ მოირგებს ეროვნული ნაკრების კვართს და თუ მომდევნო ტურში პორტუგალიის წინააღმდეგაც ითამაშებს, დიდი შანსია, რომ ცენტურიონად მიმდინარე გათამაშებაშივე, რუსეთთან თბილისურ მატჩში იქცეს.

გარემარბებიც ახალგაზრდები იქნებიან – ზურაბ ძნელაძე და აკაკი ტაბუცაძე, რომელმაც ესპანეთთან ორი კვირის წინანდელ მატჩში სანაკრებო დებიუტი ლამაზი ლელოთი დაამშვენა. ფულბეკი – სოსო მათიაშვილი.

სწორედ ეს თხუთმეტეული დაუხვდება ბელგიელებს, ხოლო მარქაფაში იქნებიან შემდეგი მოთამაშეები: კვაჭი გიორგი ჭყოიძე, 2-3-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებული ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ლაშა ტაბიძე, მეორეხაზელი დავით გიგაური, მესამეხაზელი ბექა საღინაძე, შერკინების ნახევარმცველი გიორგი ბეგაძე, პლეიმეიკერი, შუამარბი ან ფულბეკი ლაშა ხმალაძე და ასევე უნივერსალი უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე.

მოკლედ, ახალგაზრდებისა და რამდენიმე ვეტერანისგან შემდგარი რაზმი ერთობ საინტერესოდ გამოიყურება, თუმცა შემადგენლობის გარკვეულწილად ექსპერიმენტულობის მიუხედავად, რაზმი აშკარად ბრძოლისუნარიანია. სიმბოლურია ისიც, რომ მატჩი ქუთაისში გაიმართება – ქართული რაგბის ტალანტების ერთ-ერთ უმთავრეს სამჭედლოში, მით უფრო, რომ ამ ფორმაციის გუნდში ერთბაშად რამდენიმე ქუთათურიცაა. თამაში „აია არენაზე“ 22 თებერვალს 15:00-ზე დაიწყება.

ბელგიასთან საქართველოს ნაკრების შემადგენობა ასეთი იქნება

1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 2. ვანო კარკაძე (ბრივი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო); 9. გელა აფრასიძე (მონპელიე), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი),11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს),12. ლაშა მალაღურაძე (ვვა),13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი),14. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო); 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი); 21. გიორგი ბეგაძე (ჯიქი), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. თამაზ მჭედლიძე (რუანი).