ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ასე როდის ისიამოვნა რაგბის ქართველმა გულშემატკივარმა ბორჯღალოსნების თამაშით. ქუთაისში სწორედ ასე მოხდა. პირთამდე გავსებულ „აია არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა და 78:6 მოუგო, პუბლიკას 12 ერთი მეორეზე ეფექტური ლელო აჩუქა და რაც მთავარია, ლაღი, შემტევი და ლამაზი რაგბი ითამაშა – ზუსტად ისეთი, როგორიც ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას შეეფერება, ვის სახელსაც ქუთაისური სარაგბო სტადიონი ატარებს.

ყველა სალელოვე კომბინაციის აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს და ჩვენი ფორმატი ამას ნაღდად არ ეყოფა, მაგრამ ის კი ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას, რომ ქუთაისელი გულშემატკივრის წინაშე თავისგამოჩენას სწორედ ქუთაისელი მორაგბეები ცდილობდნენ სხვებზე მეტად და პირველ ტაიმში ეს აშკარად გამოჩნდა.

ზურაბ ძნელაძემ და ვანო კარკაძემ პირველ ნახევარში თითო ლელო მიითვალეს, თან ძნელაძემ ერთი ლელო სოსო მათიაშვილს გაატანინა, ხოლო თედო აბჟანდაძემ 4 ლელოდან 3 გარდასახა და საერთოდაც საწყის 40 წუთში უბრალოდ შეუდარებელი იყო. ქუთათურებმა მშობლიურ ქალაქში ისეთი ცეცხლი დაანთეს, რომ თამაშის ბოლოს მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დარჩა. პირველი ტაიმის ლელოებიდან მხოლდ ერთს გამოვყოფთ: როცა თედომ მარჯვენა ფრთაზე ფეხით მახვილგონივრულად გადაკიდა ბურთი და უსწრაფესმა აკაკი ტაბუცაძემ იგივე გაიმეორა, რაც მადრიდში დებიუტისას მოახერხა. ტაბუცაძემ ეს თამაში სულაც საკუთარ ბენეფისად აქცია – მეორე ტაიმში კიდევ 3 ლელო წაამატა და პოკერი შეასრულა. რეაქტიული გარემარბი აშკარად მოერგო ნაკრებს – აკა ტაბცაძის ანგარიშზე 2 მატჩში 5 ლელო ფენომენალური შედეგია.

მეორე ფრთამ, უკვე ხსენებულმა ძნელაძემ მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმა, თითო ლელო კი გიორგი ბეგაძემ, კოკი თხილაიშვილმა და ბექა გორგაძემ მიითვალეს, ხოლო პირველ ტაიმში რუმინელმა რეფერიმ ჩვენი შეტევის არასწორი ჩაშლისთვის ბელგიელები საჯარიმო ლელოთი დასაჯა.

ყველა მორაგბემ ჩინებულად ითამაშა, გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული იყო და ტექნიკურ-ტაქტიკურადაც ფაქტობრივად უხარვეზოდ იმუშავა. აქვე დავძენთ, რომ მოიხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს 25 თებერვალს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში, ნებისმიერ არჩეულ პრეზიდენტს დიდი მორალური დილემის წინაშე მოუწევს დადგომა: ლევან მაისაშვილმა ისე აათამაშა ეროვნული გუნდი, რომ უცხოელი სპეციალისტის მოწვევას დიდი ძალისხმევა და გამბედაობა დასჭირდება. თუმცა, ეს რაგბის კავშირის საქმეა და ცხადია, გადაწყვეტილებაც ოპტიმალური მიიღება.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 14 ქულა დაუგრვდა და „ევროპის რაგბის“ 2020 წლის ჩემპიონატის ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგი მატჩი – 7 მარტს პარიზშია. მეტოქე – პორტუგალიის ნაკრებია, რომელმაც მატჩის ჩატარების ადგილად სწორედ საფრანგეთის დედაქალაქი აირჩია.