იურგენ კლოპს სადიო მანე დაუსვამს და განუმარტავს, თუ რატომ შეცვალა პირველი ტაიმის შემდეგ, „ატლეტიკოსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. 19 თებერვალს „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ატლეტიკომ” მერსისაიდელებს 1:0 მოუგო. ეს იყო მერვედფინალი, რომლის საპასუხო თამაში „ენფილდზე” 12 მარტს შედგება.
ბევრი გულშემატკივარი შიშობდა, რომ მანე ტრავმის გამო შეცვალეს, სინამდვილეში კი მიზეზი სულ სხვა გამოდგა.
მანემ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. მან, მსაჯის აზრით, „ატლეტიკოს” ხორვატ მცველს შიმე ვრსალკოს იდაყვი მიარტყა. ამის შემდეგ ვრსალკო სენეგალელს კიდევ უფრო მეტი დაჟინებით სდევდა, ეტორღიალებოდა და ერთ ეპიზოდში სახეზე ხელებაფარებული წაიქცა კიდეც. ნათელი იყო, რომ ხორვატი მანეს წყობიდან გამოყვანას ან მსაჯის მოტყუებას ცდილობდა. მას უნდოდა, რომ „ლივერპულის” ფორვარდი მოედნიდან გაეძევებინათ.
ამას ემატებოდა ისიც, რომ „ლივერპულს” თამაში არ გამოსდიოდა, რის გამოც სადიო მანე სულ უფრო მეტად ნერვიულობდა და წითელი ბარათის საფრთხეც იზრდებოდა.
„მე მას ვკითხე, გაუკვირდა თუ არა რომ შევცვალე. მან მიპასუხა, რომ გაუკვირდა. რასაკვირველია, მაშინვე ვიცოდი, რომ მანეს მოედნის დატოვება არ გაუხარდებოდა, მაგრამ იმასაც ვხედავდი, რომ მისი ყოფნით ბევრს ვეღარაფერს მოვიგებდით. მეტოქემ ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ ჩვენ აუცილებლად თერთმეტნი უნდა ვყოფილიყავით. სადიო არ უხეშობდა, მაგრამ ძალისმიერი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, რაც უკვე სახიფათო იყო. რას იზამ, ასეთი რამ ხდება. ეს ფეხბურთის ის მხარეა, რომელიც მე ძალიან არ მიყვარს” — თქვა იურგენ კლოპმა.