მარტინ კრისტენსენ ბრაიტვაითი

„ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა 28 წლის დანიელი ახალწვეულის, მარტინ ბრაიტვაითის წარდგენაზე „მესის კრიზისის” შესახებაც ილაპარაკა. ეს კრიზისი მისი გამოწვეულია. ფრანგმა ვეტერანმა თქვა:

„ბოლო დღეებში ბევრი რამ ვისწავლე. კერძოდ ის, რომ რაც გუნდის შიგნით არის სალაპარაკო, გარეთ არ უნდა გაიტანო. მითუმეტეს მას მედიაში”.

2006 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვების გამოც იმართლა თავი:

„როდესაც დირექტორი ხარ, გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. ზოგი მოთამაშე გუნდისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, ზოგი არა. ჩვენთან, დამატებით, ტრავმებმა ითამაშა ცუდი როლი. მაგალითად, დემბელე რომ არ დაშავებულიყო, დღეს, ბრაიტვაითის პრეზენტაციაზე არ შევიკრიბებოდით”.

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც აბიდალის გადაწყვეტილებით „ბარსელონამ” „რეალ ბეტისში” იჯარით გაუშვა, კარლეს ალენია გახლავთ. ის 22 წლისაა, ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს.

„ალენიას შემთხვევაში ჩვენ სიტუაციას ვერ ვაკონტროლებდით, — განმარტა სპორტულმა დირექტორმა, — მას კონტრაქტში ეწერა, რომ წასვლა შეეძლო, ამის წინააღმდეგ კი ვერაფერს გავხდით. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ მწვრთნელებთან გავდივართ კონსულტაციას, ვცდილობთ, ბუნდოვანი და ორაზროვანი არაფერი დარჩეს. „ბარსელონას” ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც შესწევთ ძალა ლა ლიგის ჩემპიონობისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლონ. კიკე სეტიენს აგრეთვე შეუძლია B გუნდის მოთამაშეებსაც დაეყრდნოს. რამდენ ფეხბურთელზეა ლაპარაკი, ვერ გეტყვით, რადგან მთავარი მათი რაოდენობა კი არა, ხარისხია”.

და ბოლოს, ერიკ აბიდალმა მარტინ ბრაიტვაითი დაახასიათა:

„ის სათამაშო სტილით ჩვენი სხვა თავდამსხმელებისგან განსხვავდება. მტკიცე ხასიათის ადამიანია, მუდამ პოზიტიური. გამარჯვება სწყურია, იბრძვის, სწრაფია და ეჭვი არ არის, დიდ ძალას შეგვმატებს. ჩვენ მასში პოტენციალს ვხედავთ, მისი ნიჭის გვწამს”.