დიდებულ სეზონს ატარებს ბერგამოს „ატალანტა“, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან“ 4:1 მაინც მოულოდნელი იყო. შეხვედრის ერთ-ერთი გმირი არგენტინელი ალეხანდრო „პაპუ“ გომესი გახდა. მასპინძელთა მთავარმეპასე ამ კომპონენტში პირველივე გოლისას გამოირჩა და დანარჩენადაც ყოველთვის სახიფათო იყო. გომესის კოზირი თავისუფალი ზონის ადვილად პოვნაა, რისი „პროფესიული“ საიდუმლოც არგენტინელმა თავად გაამჟღავნა:

„ჩემი ორიენტირი მსაჯია. მსაჯს ყოველთვის საუკეთესო პოზიცია უკავია – მაქსიმალურად ახლოს ეპიზოდთან, მაგრამ ისე, რომ ხელი არავის შეუშალოს,” – ამბობს გომესი.

გენიალურობამდე მარტივია: მსაჯებს პროფესიულად აქვთ განვითარებული თავისუფალი ზონის პოვნის უნარი, „პაპუ“ კი მხოლოდ დასდევს მათ. ასე იყო „ვალენსიასთან“ შეხვედრაშიც. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა მაიკლ ოლივერის გვერდით ყველაზე ხშირად გომესის თეთრი თავი ჩანდა. გეგონებოდა, გომესს მსაჯის პერსონალური მეურვეობა აქვს დავალებულიო. მეთოდი ქმედითია. მხოლოდ ამ სეზონში სერია A-ში გომესმა 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.