მას მერე, რაც უეფამ „მანჩესტერ სიტის” ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, პეპ გვარდიოლა პირველად გამოვიდა საჯაროდ და თქვა, ასი პროცენტით „ეტიჰედზე” დავრჩები, რადგან ამ კლუბთან „განსაკუთრებული რამ” მაკავშირებსო.
უეფამ „ქალაქელები” 30 მილიონი ევროთიც დააჯარიმა.
თუ არაფერი შეიცვალა, „სიტი” ჩემპიონთა ლიგაში 2022-23 წლების სეზონამდე აღარ ითამაშებს, გვარდიოლას კონტრაქტი კი 2021 წლამდეა. კლუბი უეფას წინააღმდეგ სპორტის არბიტრაჟში აპირებს ჩივილს. დაირხა ჭორი, თითქოს თუ „სიტი” აპელაციას წააგებს, კატალონიელი მანჩესტერს დატოვებს, მაგრამ, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე — გვარდიოლა ამბობს, რომ „ეტიჰედიდან” ფეხსაც არ მოიცვლის და უერთგულებს სამსახურს, სადაც 2016 წლიდან მუშაობს და ხუთი დიდი ჯილდო აქვს მოგებული.
ოთხშაბათს, „ვესტ ჰემთან” 2:0 მოგების შემდეგ, „სკაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში მწვრთნელმა თქვა: „ჯერ არაფერი დასრულებულა. გვწამს, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ და უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ. დავიცდით. ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, მოედანზე ჩანს. ეს არის ის, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით და ეს არის ის, რაზეც მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვიქნებით ფოკუსირებული.
მე ასი პროცენტით მჯერა ჩვენი კლუბის შეფების. მათ ამიხსნეს, თუ რას აკეთებდნენ და რატომ. ბრძოლას ვაგრძელებთ. ყოველ შეხვედრაში ისევე დავდებთ თავს, როგორც აქამდე.
იმედი მაქვს, რომ ჭეშმარიტება დადგინდება და სექტემბერში ისევ ჩემპიონთა ლიგაში ვიქნებით.
რაც შეეხება პირადად ჩემს მომავალს, თუ არ გამაგდებენ, უეჭველად „სიტიში” დავრჩები. დარჩენის მთავარი მიზეზი კი ის იქნება, რომ აქ მინდა მუშაობა. ამ კლუბთან განსაკუთრებული რამ მაკავშირებს; მეტი, ვიდრე კონტრაქტი. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ყველა ღონეს ვიხმარ, რათა „სიტიმ” რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს მაღალ დონეზე”.
უეფა უეფად და არ არის გამორიცხული, რომ „სიტი” პრემიერლიგამაც დასაჯოს. ამ შემთხვევაში „ქალაქელებს” შეიძლება ქულები დააკლონ ან, მთლად უარესი, მეორე ლიგაში დააქვეითონ.
გვარდიოლას ჰკითხეს, დაქვეითების შემთხვევაში როგორ მოიქცევით, გუნდს მეოთხე ლიგაშიც ჩაჰყვებითო? „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა უპასუხა:
„რატომ უნდა წავიდე? აკი ვამბობ, რომ ეს კლუბი მიყვარს და აქ მინდა მუშაობა. რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება, მომდევნო სეზონში აქ ვიქნები”.