ლიონელ მესი, რაფაელ ნადალი, ლუის ჰამილტონი, მარკ ადამსი, ტაიგერ ვუდსი, ელიუდ კიპჩოგე… დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი სახელებია.
ელიუდ კიპჩოგე და მარკ ადამსი. პირველი, კენიელი მორბენალია, რომელიც მარათონში რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, ხოლო მეორე სახელგანთქმული ესპანელი მოტომრბოლელია, რომელსაც სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში ბადალი არ ჰყავს. აბა, ლეო მესის, რაფა ნადალს, ლუის ჰამილტონს და ტაიგერ ვუდსს რა წარდგენა უნდა ჭირდებოდეთ, ისინი ხომ არა მხოლოდ თავიანთი სახეობის, ზოგადად სპორტის სამყაროს კაშკაშა ვარსკვლავები არიან.
ახლა კი საქმის არსშიც გაგარკვევთ. მსახიობების და მომღერლების მსგავსად, ყოველწლიური ოსკაროსნები სპორტსაც ჰყავს, რომლის დაჯილდოების ცერემონიალსაც წლეულს ბერლინმა უმასპინძლა. კინოინდუსტრიაში „ოსკარის“, ხოლო მუსიკაში „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალებისგან განსხვავებით, სპორტში მსგავსი ტიპის ღონისძიებები შედარებით ახალი ხილია და 1999 წლიდან იმართება. სპორტულ სამყაროში ამ პრესტიჟულ პრემიას „ლაურეუსი“ ეწოდება (Laureus World Sport Award). საუკეთესოობაზე პრეტენზიას კი სწორედ თავში ნახსენები ის 6 სპორტსმენი აცხადებდა.
2019 წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით ორგანიზატორებს ერთის გამორჩევა იმდენად გაუჭირდათ, რომ საუკეთესოს ნომინაციაში ერთბაშად ორი გამარჯვებული გამოვლინდა – ლეო მესი და ლუის ჰამილტონი. სხვათა შორის, სპეციალისტები გამარჯვებას გოლფის ამერიკელ დიდისტატს ტაიგერ ვუდსს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მათი პროგნოზები არ გამართლდა.
გერმანიის დედაქალაქში, საუკეთესოები მხოლოდ მამაკაცებში არ გამოვლენილა. ქალთა შორის, 2019 წლის ოსკაროსნად ამერიკელი ტანმოვარჯიშე, რიოს ოლიმპიური თამაშების ოთხგზის და მსოფლიოს 19-გზის ჩემპიონი სიმონა ბაილსი დასახელდა.
საგანგებო ჯილდოები გადაეცათ გერმანელ კალათბურთელს დირკ ნოვიცკის, „ტურ დე ფრანსის” გამარჯვებულ კოლუმბიელ ეგან ბერნალს, ინდოელ კრიკეტისტს საჩინ ტენდულკარს და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც შარშან იაპონიაში მსოფლიო თასი მოიგო
„ლაურეასის“ პრემიისთვის კანდიდატებს, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ სპორტის ოსკარის სახელითაა ცნობილი, სპორტული მედია არჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი საგანგებო ჟიური იღებს.