მძიმე დროება დაუდგა „მანჩესტერ სიტის“. არა, ფინანსურად ქალაქელებს არც ახლა და არც უახლოეს მომავალში თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ არაფერი ემუქრებათ, მაგრამ ფულის არასწორად დახარჯვის გამო კი გამოუწერეს დისკვალიფიკაცია.

რა თქმა უნდა, უეფას მკაცრი ვერდიქტის შემდეგ უმალ დაირხა ხმები მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ვითარებაში გუნდში დარჩენას არ ისურვებენ და ქუდს დაიხურავენო. ბრიტანულმა მედიამ გვარდიოლა უკვე „იუვენტუსის“ დამრიგებლად დანიშნა, ხოლო რაჰიმ სტერლინგი რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირა. უფრო მეტიც – ინგლისელმა ჟურნალისტებმა კატალონიელი სპეციალისტის შემცვლელებსაც მიაგნო. „სიტის“ მწვრთნელის თბილ სავარძელში ბრენდან როჯერსი და მაურიციო პოჩეტინო დასკუპდებაო.

ამასობაში კი გვარდიოლაც და სტერლინგიც გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ბოლომდე უერთგულებენ. პოპულარული გამოცემა Sky Sports სააშკარაოზე შიდა სამზარეულოს ამბები გამოაქვს. გვარდიოლა ფეხბურთელებს გასახდელში ესაუბრა, ისინი დაამშვიდა და დაპირდა „ეტიჰადს“ არაფრის დიდებით დავტოვებ, აქ ვრჩებიო. მწვრთნელს რაჰიმ სტერლინგიც გადახვევია, მადლობა უთქვამს ყველაფრისთვის და იგივე დაუდასტურებიაო.

ცნობისთვის, „სიტის“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორი გათამაშებიდან ხომ მოკვეთეს და ამასთან, გუნდს პრემიერლიგიდან დაქვეითებაც ემუქრება, თუმც, ჩანს პეპ გვარდიოლასთვის სულერთია და გუნდის გასაჭირში მიტოვებას არ აპირებს.