დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები გაიმართება. ლიგის შარშანდელი გამარჯვებული „ლივერპული“ მადრიდში „ატლეტიკოს“ ეთამაშება.
იურგენ კლოპის გუნდი ამ წყვილში ფავორიტად მიიჩნევა, რაკი ამ მატჩამდე საკადრო პრობლემების გარეშე და ჩინებულ ხასიათზე მყოფი მივიდა – შაბათს ლივერპულელებმა პრემიერლიგაში მორიგი თამაში მოიგეს და მათ ჩემპიონობას ალბათ, სასწაულიც ვეღარ შეუშლის ხელს.
აი, დიეგო სიმეონეს გუნდს კი რთული დროება უდგას. ბოლო 7 შეხვედრიდან „ატლეტიკომ“ მხოლოდ ერთი მოიგო, შიდა პირველობის ბოლო ტურში კი ფრე ითამაშა „ვალენსიასთან“. სატურნირო ცხრილში „ატლეტიკო“ მეოთხეა. თუმცა ეს ყველაფერი ცხადია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მადრიდელები „ლივერპულს“ რამეს იოლად დაუთმობენ.
დღის მეორე შეხვედრაში „დორტმუნდი“ შინ „პარი სენ ჟერმენთან“ ითამაშებს.