ატრაქციონების პარკში ერთი კარუსელია, რომელიც მოძველდა, ხავსი მოედო და გამაყრუებლად ჭრაჭუნებს. არ იფიქროთ, თითქოს ერთიანად დაიმსხვრევა – არა, მაინც ძლიერია და თითოეული დეტალი ერთმანეთთან მყარად გამჯდარი. ეს ტერიტორია ხომ ჯერ ნამგალმა მოასუფთავა, შემდეგ კი ურომ ააგო. ეს კარუსელი იმ სამყაროდან მოდის, მასზე დამსხდარ ადამიანებს ყოველდღე რომ ენატრებათ, სხვაგან წასვლაზე სულ საუბრობენ, შეიძლება უნდათ კიდეც, მაგრამ არც შეუძლიათ და ვერც ბედავენ.

იმდენად ხმამაღლა ყვირის და დახმარებას ითხოვს, რომ მისი ხმა ყველას ესმის. სხვა გზა რომ არ რჩება, ამ მყოფი ადამიანები საუბარს სიმპტომებზე იწყებენ, პრობლემის არსზე ყურადღების გამახვილება კი არავის უნდა. როგორც დედაქალაქში იტყვიან, ეს კარუსელი “ცეხავიკებისაა”, იმ ხალხის, ასეთ ფართო შესაძლებლობებს ჭუჭრუტანიდან რომ უყურებენ.

დანარჩენები რას აკეთებენ, ვისაც, ერთ დროს, ამ ადგილას სიხარული და ბედნიერება განუცდია? გარეთ დგანან და “ცეხავიკების” დაპირებებს ისმენენ, თითქოს ადრე თუ გვიან ეს ატრაქციონი შეკეთდება ისევ ძველებურად გაქროლდება.

აქამდე აქ იცით როგორ იყო? სხვა საკარუსელეთიდან იმდენად დამტვრეული ატრაქციონები ჩამოჰქონდათ, რომ შეკეთება შეუძლებელი იყო, განადგურებულ ნაწილს აჭრიდნენ, სხვას აკერებდნენ და ადგილობრივებს როგორც ახალს ისე ასაღებდნენ.

ატრაქციონების პარკში, დედაქალაქური აქ საუკეთესოდ ითვლება, განა იმიტომ, რომ მართლა ყველაზე მაგარია, იმიტომ რომ მისმა მეპატრონემ ყველაზე მეტი გადაიხადა. რა თქმა უნდა, არა თავისი ჯიბიდან, ამას ყველა ერიდება. დედაქალაქურ კარუსელს ბევრი ვალი აკისრია, იმდენი, რომ მავანს მისი ყიდვისა და განვითარების სურვილს დაუკარგავს.

კიდევ არის ერთი ტრადიციული კარუსელი, ატრაქციონების პარკის დასავლეთით, კინაღამ რომ დაიხურა, მაგრამ სიმპტომი ისე ხმაურობდა, იპოვნეს და განკურნეს (დროებით?!). გავიგეთ, დიდი ჩექმეთის მხრიდან ვიღაც ჩამოსულა და უზარმაზარი საქმეების გაკეთებას აპირებსო. გამოცდილება გვაჩვენებს, უანგაროდ არავის არაფრის გაკეთება უნდა, მით უმეტეს აქ, ღვთის გარდა, ყველასგან მივიწყებულ მხარეში.

აქვე, დასავლეთში, მეზობლად, ერთმა კაცმა მეორეს კარუსელი ჩააბარა, მომიარეო. იმანაც კარგად მოუარა, “ცეხავიკებმა” წლის საუკეთესოს ნომინაციაზე გამარჯვება კი მოპარეს, თუმცა “სანთელი საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს” და ორჯერ მაინც იპირველა. გარშემო სიტუაცია ისე მოეწყო, “ცეხავიკებმა” ეს ატრაქციონი სადღაც კიდისკენ ისროლეს და ცენტრში დასაბრუნებლად წლებია საჭირო.

ახლა, ამ ატრაქციონის გამგე ზღვისკენ დადგმული კარუსელისკენ წავიდა და, მრავალი წლის შრომის შემდეგ, მისგან ნორმალური ატრაქციონი შექმნა. წინა წელს პირველობისთვის იბრძოდა, მაგრამ, რაღაც მიზეზების გამო, ვერ გაჩემპიონდა. ისე, ახლა პირველობა იმიტომაც ეკუთვნის, რომ იქ სტაბილური სიტუაცია შექმნა, ანაზღაურებას არავის აყვედრიან და ეტაპობრივად ვითარდება. წელს კიდევ განაახლეს, შავი კონტინენტისა და ლათინური კონტინენტიდან დამატება მიიღეს.

ადრეც ყოფილა ერთი კარუსელი, ყვითელ-თეთრ ფერებში გაწყობილი, სხვის თხოვნაზე ნაწილებს რომ არ ყიდდა. მან ატრაქციონების პარკში მყოფი ადამიანები გაახარა, თუმცა, მოუსყიდავობის გამო, ყველა “ცეხავიკი” გაერთიანდა და ამ კარუსელს არც პირველობა აღირსეს და საბოლოოდ გაანადგურეს კიდეც. მისგან მხოლოდ თეთრ-ყვითელი, ნათელი მოგონებაა დარჩენილი.

შეამჩნევდით, სიტუაცია სახარბიელო რომ არ არის, მაგრამ მაინც ატრაქციონების პარკია და ზოგადი პრინციპი მოქმედებს. მსოფლიოს წამყვან პირველობაზე ასეთი რამ მომხდარა, წინა ჩემპიონობაზე ერთმა 97 ხმა აიღო და ტიტული მაინც ვერ მოიპოვა. ამის გამო, წელს ისე გაბრაზებულან, წინ გაიჭრნენ და ვერავინ აჩერებს.

ალბათ, აქაც ასე იქნება, იმ გამგე-კაცს და ზღვას ეს ნამდვილად ეკუთვნის.

რამდენიმე წლის წინ, ზღვისპირა კარუსელს ნაჯახით მიდგნენ, როგორც შიგნიდან, ასევე იერით დაანგრიეს და ახალი ააშენეს. ახლა შედეგს იმკიან.

ეს წარმატების ფორმულა მთლიანად ატრაქციონების პარკზეც იმოქმედებს.