გუშინ, ლა ლიგაში „ბარსელონამ” „ხეტაფეს” 2:1 მოუგო, მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” კი ესპანეთის ჩემპიონს ამ გამარჯვებაში ექვსი ნაკლი დაუნახა. ვფიქრობთ, „მარკას” შეხედულებების გაცნობა საინტერესოა. მართალია, დედაქალაქელი ჟურნალისტები „ბარსას” მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილნი არ არიან, მაგრამ ვინ იცის, მათი ნათქვამში რაიმე დასაფიქრებელი ან უბრალოდ ფაქტი ეწეროს. ასე მაგალითად, ჟორდი ალბას დაშავება „ბარსელონასთვის” ცუდი რომ არის, ამის თქმას დიდი კატალონიელობა ან კასტილიელობა არ სჭირდება.

„მარკა” შეგვახსენებს, რომ „ხეტაფე” ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთ მაღალ პოზიციაზე მყოფი გუნდის დამარცხება წარმატებად უნდა ჩაითვალოს. მართალია, დღეს „ბარსელონასთვის” ქულები ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მაგრამ კლუბის პრობლემები ღრმავდება და ისინი მხოლოდ მოედანზე კი არა, მის მიღმაც არის საძებნელიო, წერენ მადრიდელი ჟურნალისტები.

ახლოვდება ჩემპიონთა ლიგაში „ბლაუგრანასა” და „ნაპოლის” მერვედფინალური დაპირისპირება და „მარკას” აზრით, ამ შეხვედრების წინ, „ხეტაფესთან” მატჩმა კატალონიელთა ზოგიერთი სისუსტე გამოაჟღავნა.

დაცვა

„ბარსელონას” დაცვა პრობლემურია. მის გამო გუნდი ბევრ გოლს უშვებს, კლუბში კი ამ ნაკლის გამოსასწორებლად რესურსი არ ჩანს. „ხეტაფემ” აჩვენა, რომ ჩემპიონის კართან სახიფათო მომენტების შექმნა ადვილია.

ჟორდი ალბას ტრავმა

ალბას ტრავმა სერიოზული ჩანს ანუ ფეხბურთელი, სავარაუდოდ, „ნაპოლისთან” ორივე შეხვედრას და „ელ კლასიკოს” გამოტოვებს. ახლა კატალონიელის შეცვლა ალბათ ჟუნიორ ფირპოს მოუწევს, რომელსაც უსახური დებიუტის შემდეგ ტყავიდან გამოძრომა მოუწევს, რათა გუნდს თამაშის ხარისხი არ დააკლდეს.

„თამაშის მოკვლის” პრობლემა

ეს პრობლემა ჯერ კიდევ ერნესტო ვალვერდეს ხანიდან დგას და მისი შემჩნევა არც ბოლო სამი გამარჯვების დროს იყო ძნელი. მართალია, „ბარსას” გულშემატკივრები ანუ კულეები ამ თამაშების ბოლოს სამ-სამი ქულის მოპოვებას ზეიმობდნენ, მაგრამ გასახარებლად სამივეჯერ ბოლო წამამდე მოუხდათ ლოდინი. ესპანეთის თასის მეოთხედფინალში კი „ბილბაომ” „ბარსელონას” სწორედ მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანა და მოუგო.

ცოტა გოლი

ამ ბოლო დროს, „ბარსელონა” მესის გოლების გარდა დიდად ვერაფრით დაიტრაბახებს. იყო რამდენიმე შეხვედრა, როდესაც მესიმ გოლის გატანა ვერ მოახერხა და სწორედ ამ შეხვედრებში გამოჩნდა გუნდის წინა ხაზის სისუსტე. მართალია, „ბლაუგრანას” ახალი მწვრთნელი კიკე სეტიენი მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მაგრამ მას მერე, რაც გუნდს ის ჩაუდგა სათავეში, გატანილი გოლების საშუალო მაჩვენებელი ორზე ნაკლებია.

დაცვიდან თამაში

„ბარსელონას” თამაშში მნიშვნელოვანი კომპონენტია დაცვიდან წამოსვლა, რასაც „ხეტაფე” მიხვდა და მეტოქეს ძალიან მაღალი პრესინგი ეთამაშა. ამან კატალონიურ გოლიათს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სავარაუდოდ, „ბარსელონას” წინააღმდეგ „ნაპოლიც” ამავე ხერხს მიმართავს.

ატმოსფერო „კამპ ნოუზე”

გუნდით და კლუბის დირექტორატით უკმაყოფილება „კამპ ნოუზეც” შესამჩნევია. „ხეტაფესთან” შეხვედრაში ტრიბუნებზე სტვენაც გაისმა. თუ ამას ცუდი შედეგები დაემატება, სავარაუდოდ, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება.