როგორც კი ხმა გავარდა, რომ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, იმწუთასვე ცნობილი გახდა, რომ „რეალს” რაჰიმ სტერლინგის გადაბირება უნდა. „იუვენტუსს” კი პეპ გვარდიოლას მწვრთნელად მიყვანა სურს, თუმცა ეს ხომ მანამდეც ცნობილი იყო.
პრინციპში, არც სტერლინგი მონდომებია „ლოს ბლანკოსს” უეფას ვერდიქტის შემდეგ. გარემარბის სანაცვლოდ მადრიდის კლუბი „ქალაქელებს” ისედაც უმზადებდა 180 მილიონ გირვანქას, მაგრამ ახლა იმედი მიეცა, რომ „სიტის” ევროფეხბურთიდან მოკვეთა მოთამაშეს „ბერნაბეუსკენ” უბიძგებს. არადა, 25 წლის ფეხბურთელი კონტრაქტის თანახმად „ეტიჰედზე” წესით კიდევ სამი წელიწადი უნდა დარჩეს.
„მანჩესტერ სიტი” სტერლინგს კვირაში 300 000 გირვანქას უხდის, თუმცა ნოემბერში იყო ლაპარაკი, რომ ეს ჯამაგირი 450 000-მდე უნდა გაეზარდათ. ახლა საკითხი უკვე სხვანაირად დადგა: თუკი ინგლისის ჩემპიონი აპელაციას ვერ მოიგებს და უეფას სასჯელი ძალაში დარჩება, მას დააკლდება ის 170 მილიონი გირვანქა, რომელიც წესითა და რიგით ჩემპიონთა ლიგიდან უნდა მიეღო. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ხელფასების საქმე ზრდისკენ ვერ წავა. გარდა ამისა, სტერლინგს ინტერვიუებში უთქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სიამოვნებით ითამაშებდა უცხოეთში.
„მანჩესტერ სიტის” ფანების შეფი, ვინმე კევინ პარკერი კი შიშობს, რომ „ქალაქელთა” აპელაციას მართლა არ მოჰყვება შედეგი. მან BBC-ს უთხრა: „რასაკვირველია, უეფას გადაწყვეტილებას „სიტი” გააპროტესტებს, მაგრამ მეეჭვება ამან რამე შეცვალოს. მართალი გითხრათ, დიდად არც თავად დისკვალიფიკაციამ გამაკვირვა. ეს ყველაფერი ერთი ხანია მზადდებოდა. გასაკვირი მხოლოდ ვადა გამოდგა. ორი წელიწადი მეტისმეტია”.