ორივე ტოპ კატეგორიის მწვრთნელია და გვეეჭვება, ხედვებში თუ რაიმე პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს, რომელიმე ევროპულმა გრანდმა მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვას.
ერთი, 2019 წლის ნოემბრის შემდეგ უმუშევარია და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში მისმა გუნდმა ევროსარბიელზე დამაჯერებლად ითამაშა და ფურორამდე სულ ცოტა დააკლდა. მეორეს კი ისეთი გამოცდილება უმაგრებს ზურგს თქვენი მოწონებული, ამჟამინდელ სამსახურშიც თავს მშვენივრად გრძნობს, ენდობიან და კონტრაქტიც 2025 წლამდე გაუხანგრძლივეს.
…თუმცა დიდ ფულს, დიდი ძალა აქვს. ამიტომაც, ნუ გავიკვირვებთ თუ ბრენდან როჯერსი „ლესტერში“ მოკალათებული კომფორტული სავარძლიდან, იქ გადასკუპდება, საიდანაც ორი წელიწადი ევროტურნირებიდან თავისუფალი იქნება. ევროსარბიელიდან დისკვალიფიცირებულ „სიტიზე“ ვამბობთ, რომელიც უეფამ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის დასაჯა. მანჩესტერელებს, კიდევ 9 დღე აქვთ უეფას საარბიტრაჟო კომიტეტში საპროტესტო წერილი აფრინონ და სასჯელის გაუქმება მოითხოვონ, რასაც დიდი ალბათობით გააკეთებენ კიდეც, მაგრამ გვეეჭვება დადებითი პასუხი მიიღონ.
პეპ გვარდიოლაც უკვე ეკლებზეა. მართალია, „სიტი“ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში არაფერი ემუქრება, მაგრამ ასეთი განწყობით თამაში ურთულესი იქნება, მით უფრო, რომ მერვედფინალში მეტოქედ მადრიდის „რეალი“ ჰყავს. გვარდიოლაც თავს იზღვევს და ხმამაღლა ამბობს, რომ „რეალთან“ წაგებას არ აპატიებენ და კარისკენ მიუთითებენ, თუმც ბრიტანული მედიის თქმით, კატალონიელ სპეციალისტს გუნდში ისეთი ავტორიტეტი აქვს და უყვართ, რომ არაბი შეიხები მის თმის ღერსაც არ შეეხებიან, სხვა საქმეა, თავად პეპი თუ ისურვებს ასეთ ვითარებაში მანჩესტერში დარჩენასო.
ჩვენც სწორედ აქ ვართ. შეიხებმა პეპს დარჩენის სანაცვლოდ ასტრონომიული ხელფასი რომ შესთავაზონ, ის მაინც წავა. გვარდიოლამ პრემიერლიგას მოგების გემო ორჯერ გაუსინჯა და ორი წელიწადი ჩემპიონთა ლიგის ტელევიზორში ყურებას, ალბათ, არ ისურვებს.
პოპულარული The Telegraph ირწმუნება, რომ ბრენდან როჯერსის გარდა, „სიტის“ ბოსებს თვალი მაურიციო პოჩეტინოზე უჭირავთ, რომელიც 2019 წლის მიწურულს „ტოტენჰემიდან“ გაუშვეს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დისკვალიფიკაციის მიუხედავად, „მანჩესტერ სიტი“ რომ მაგარი მწვრთნელის გარეშე არ დარჩება, ნაღდია.