იცით, რაშია საქმე?

ქართული ფეხბურთის ქომაგთა მრავალათასიანი არმია დაიღალა. მას აღარ აინტერესებს ლაპარაკი სავარძლების, გავლენის სფეროების, ფეხბურთელების ლათობა-არლოთობის შესახებ. მას ფეხბურთი აინტერესებს.

ამას რატომ ვამბობ?

საქართველოს ნაკრებმა მალტის ტურნირი მოიგო. ეს სანაკრებო ისტორიაში პირველი მოგებული ტურნირია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ისტორიული მოვლენა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო ამბავია. ნაკრების ახალმა უფროსობამ ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, რაც ასევე არ მომხდარა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. და მაინც, ეს ჩვეულებრივი სამუშაო ამბავია. გუცაევი დიდი საქმისთვის ემზადება და პატარა საქმეს კარგად შეეჭიდა. თქვენ რომ მალტის ტურნირის დღეებში „სარბიელის“ რედაქციაში ყოფილიყავით, გაგაოცებდათ გულშემატკივართა ზარების სიმრავლე. ქომაგები არათუ შედეგებს ითხოვდნენ ნაშუაღამევს, არამედ შემადგენლობებსაც კი. სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოში ხალხი სჯა-ბაასის ხასიათზე იყო.

ეს ჩემთვის აღმოჩენა გახლდათ. ბოლო თვეები ხომ ქართული ფეხბურთი ისეთი იყო, რომ უშუალოდ ფეხბურთზე სალაპარაკოდ კაცი ვერც მოიცლიდა. ყველაფერზე ვლაპარაკობდით: თანამდებობებზე, ინტრიგებზე, ტრანსფერებზე, „მერსედესებზე“ და თქვენ წარმოიდგინეთ, მორალსა და ფინანსებზეც კი. ბატონი ფეხბურთი კი, ჩვენი ახალი ნაკრები განზე დაგვრჩა.

ხალხს ფეხბურთი უნდა და ნაკრების გამო ბევრს ფიქრობს. ამ ზარებიდან შეიტყობდით, რომ გულშემატკივრებს გუცაევის და მისი გუნდის იმედი  აქვთ. ხოლო თუ რატომ, ამას დიდი ახსნა არ სჭირდება. შარშან გუცაევმა სავსებით დაიმსახურა საიმედო, მშვიდი და ფიქრიანი მწვრთნელი სახელი.

ამიტომაც, ქომაგები მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. ხომ გეუბნებით, ლატვია – საქართველოს ამხანაგური თამაში სადღაც, კუნძულზე არ უნდა იყოს ისეთი რამ, კაცმა რომ დილამდე ვერ მოითმინო. მაგრამ ყოფილა. მეხუთე წელიწადია მაყურებელი ელის, ელის და ფიქრობს, როდესაც ჰორიზონტზე გუცაევია კანდიდატურა გამოჩნდა, გულშემატკივრები ერთხმად გაიძახოდნენ, დანიშნონ, დანიშნონო,. ცხადია, ამას ჰაერზე და ლამაზი თვალებისთვის არავინ ისურვებს, მით უმეტეს, არც წარსული დიდებისთვის.

საქათრველოს ნაკრების სამივე მწვრთნელი ქართული ფეხბურთის ვარსკვლავია. თავის დროზე მათი ერთობა ქმნიდა „დინამოს“ წარმატების საფუძველს. ნაკრების  მწვრთნელთა სავარძელში ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ. გუცაევი რიგით მესამეა, მაგრამ ის პირველია, ვისაც თანამდებობაზე მოსვლისას ერთგვარი საერთაშორისო წარმატება ჰქონდა ზურგსუკან. ამიტომ, მისმა სახელმა სხვაგვარად გაიჟღერა. მისგან სხვაგვარად ელიან, თორემ მალტის ტურნირი რომ სამუშაო საქმეა, ამას ყველა ხვდება.

ბედნიერებაა, როცა გულშემატკივარი ვერ ითმენს და რეკავს არა „მერიდა“ – „კომპოსტელას“ ანგარიშის გასაგებად, არამედ იმის გამო, რომ შეიტყონ, როგორ ეთამაშა საქართველომ მალტას. ასეთ დროს ხვდები, რომ საღი გულშემატკივარი გყავს და რა სჯობია, როცა საღი ქომაგი გყავს?

ნაკრები – იმედია. ორი აზრი არ არსებობს. ამ მძიმე და კრიზისულ წლებში მოწინავე ქართველი ფეხბურთელები ნაღდ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ისინი ბრძოლებში გამოიწრთნენ და რთულ საფეხბურთო სივრცეებში იმკვიდრებენ ადგილებს. ეს ძალიან დიდი შეღავათია. უფრო სწორად, ეს საქმეს უადვილებს ნაკრების უფროსობას. თუნდაც ორი-სამი წლის წინათ ფეხბურთელებს არც ასეთი გამოცდილება ჰქონდათ და არც ფსიქოლოგია. საბრძოლო სული აშკარად ამაღლებულია.

და ამას ჩვენ გწერთ აქა და ქომაგმა აღარ იცის? ჩვენც ხომ ქომაგთა რიგიდან გახლავართ. ყველაფერი თუ ერთმანეთს დაედო და, რატომ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შევაბიჯოთ დიდ საფეხბურთო სპექტაკლში? ბრმა გასროლების დრო წავიდა. წავიდა ის დრო, როცა მწვრთნელები ლაპარაკობდნენ პირველი გოლის ფაქტორსა და ფეხბურთის დონეზე. ფეხბურთი ყველაზე დემოკრატიული თამაშია: იამაიკა ბრაზილიას აწამებს, ჩილე ინგლისს ანგრევს უემბლიზე, ჩვენ იტალიის გატანჯვა შევძელით…

ამიტომაც ვერავინ ითმენს.

ამიტომაც რეკავენ ღამის ორ საათზე: რა ვქენით?

14.02.1998

წილი
წინა სტატიამხოლოდ პარიზში
შემდეგი სტატიაქართველებმა გაილაღეს
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.