პეპ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, რომ ეს დღე არ დადგებოდა. უეფას „ფეარ ფლეის” გამომძიებელთა 15 თვიანი ჩხრეკის განმავლობაში კატალონიელს „პარტიული ხაზი” ეჭირა: მთელი ძალ-ღონით იცავდა შეიხ მანსურისა და აბუ დაბის რეჟიმის პატიოსნებას. ვისაც რა უნდა ეთქვა, ის იმეორებდა, რომ „სიტის” დისკვალიფიკაცია არ ემუქრებოდა.

„გაიგეთ, ჩვენ არავინ არსაიდან მოგვკვეთავს. მე მჯერა ჩვენი თავმჯდომარის, ჩვენი აღმასრულებელი შეფის და ყველაფრის, რაც მათ ამიხსნეს. და თუ მაინც მოგვისჯიან რამეს, ჩვენ ამ სასჯელს მშვიდად შევხვდებით, მუშაობას გავაგრძელებთ,” — ამბობდა გვარდიოლა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც ინგლისურმა გაზეთებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს, რადგან თავიანთი წყაროებიდან შეიტყვეს, რომ უეფა „სისხლის დაღვრას” აპირებდა.

სამი თვე რომ გავიდა, „ბარსელონას” და „ბაიერნის” ყოფილმა მწვრთნელმა დაახლოებით იგივე გაიმეორა: „მე ჩემს შეფებს ძალიან ვენდობი. ერთადერთი, რაც მინდა ის არის, რომ უეფამ მალე დაინახოს, რამხელა საქმე გავაკეთეთ. თუ მაინც გვეტყვიან, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ ცუდია, მაშინ კი ბატონო, იყოს მათებურად”.

მაგრამ, აი დადგა გუშინდელი დღე, როდესაც „სიტის” უეფას ფინანსური გამომძიებლისთვის, ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის ივ ლეტერმისთვის დასამალი აღარაფერი დარჩა და გარიკვა, რომ კლუბი სულაც არ აპირებს დანებებას, ბედთან შეგუებას და მუშაობის წყნარად გაგრძელებას. „ქალაქელები” არც იმას აღიარებენ, რომ სადმე შეცდნენ და არც იმას, რომ უეფას ორმა კომისიამ მათ წინააღმდეგ რაიმე იპოვა.

და რასაკვირველია, „მანჩესტერ სიტი” არ აპირებს თავი დაუხაროს სასჯელს: ჩემპიონთა ლიგიდან ორწლიან გაძევებასა და 25 მილიონი გირვანქის ტოლ ჯარიმას.

კლუბი კვლავ დაჟინებით მისდევს თავის ხაზს, რომ გაჟონილი საბუთები ანუ რეალურად ნაგვის გროვა, რომელსაც უეფა ჩაეჭიდა და გამოძიებას შეუდგა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ან ჰაკერების მოპარული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი მეილება და მეტი არაფერი.

ათასობით გულშემატკივრისთვის კი საბუთების ამბავზე გაცილებით საინტერესო ის არის, თუ როგორ იმოქმედებს ეს ამბავი დიდი გუნდის შენების პროექტზე, რომელიც „ეტიჰედ სთედიუმზე” აგერ უკვე წლებია მიმდინარეობს.

გვარდიოლა ხომ ცხოვრებაში პირველად აპირებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას ლიონელ მესის გარეშე და არა კატალონიელებისთვის, არამედ სხვა ხალხისთვის… და ამ სეზონში, ჯერჯერობით, აპირებს კიდეც.  მას ხომ „დიდყურა თასისთვის” ბრძოლა ნებისმიერი მწვრთნელის ყველაზე დიდ გამოცდად მიაჩნია. თუ ის მოიგე, ესე იგი მართლა საუკეთესოთა მარაქაში ხარ.

ანუ, გვარდიოლა მაისში ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს!

პრემიერლიგის ამბავი გადაწყვეტილია. წლეულს, ინგლისის ჩემპიონობას „ლივერპულს” ვეღარავინ შეეცილება და შესაბამისად, კატალონიელი მწვრთნელისთვის რჩება სამი ჯილდო: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, კარაბაოს ანუ ლიგის თასი და ის — „დიდყურა”!

მერვედფინალში „სიტი” „რეალს” ხვდება. მადრიდული ბარიერის დაძლევა, სტამბოლის ფინალამდე გზის გაკვლევა და იქ გამარჯვება კი „ქალაქელების” მხრიდან უეფასთვის საუკეთესო პასუხი იქნება.

მაგრამ, მოიგებენ მანჩესტერელები ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგას თუ ვერა, ძალიან საინტერესოა, როგორ გაგრძელდება გვარდიოლას კარიერა. ანდა, რა გზას დაადგება მისი ორი მეგობარი, ჩიკი ბეგერისტაინი და ფერან სორიანო? და კლუბის მეპატრონეები შეიხი მანსური და ხალდუნ ალ მუბარაქი დარჩებიან კი ფეხბურთში? ამწუთას საქმე ისე მიდის, რომ ეს ორი მილიარდერი საფეხბურთო თაღლითების სიაში მოხვდება…

თუმცა ხალდუნ ალ მუბარაქმა ერთი ხნის წინ ასე თქვა: „ჩვენ აუცილებელ ნაბიჯებს ვდგამთ და საკუთარ პოზიციაში აბსოლუტურად დარწმუნებულები თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. რაც ხდება იმაზე არ ვღელავ, რადგან ფაქტები აუცილებლად იტყვის თავისას”.

და კიდევ, დიდი ხანი არ არის გასული, რაც „იუვენტუსის” პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გვარდიოლას გადაბირების სურვილი გამოთქვა. ასე რომ, უეფას გამოძიებამ და „სიტის” თავს დატრიალებულმა ამბებმა ტურინელი ბოსის იმედი კიდევ უფრო გააღვივა.