პროფესიონალ ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი კარიერას ისე ასრულებს ATP-ის ტურნირის მოგება სანატრელი აქვს, ზოგს კი მხოლოდ ერთ საფარზე თერთმეტი ჯილდო აქვს მირებული, მაგრამ მაინც გული ეთანაღრება. თან, ფიქრობთ ამ თერთმეტში რაიმე დაბალი დონის ტურნირებზეა საუბარი? ყველაფერი რაც გინდა, 500-იანი კატეგორიით დაწყებული, მასტერსებით გაგრძელებული და დიდი სლემით დამთავრებული.
…მაგრამ ის მაინც უკმაყოფილოა და ამის გამო ზედიზედ 2 წელი გრუნტის საფარს არ ეკარებოდა. იქაურობის მბრძანებელი რაფაელ ნადალია და მე არაფერი მესაქმებაო. შარშან, მწვრთნელებმა და გუნდის წევრებმა დაიყოლიეს, მილიონობით გულშემატკივარსაც ხათრი ვერ გაუტეხა, თავადაც მოენატრა თიხაზე სირბილი და ხანგრძივი პაუზის შემდეგ გრუნტის საფარზე გამოჩნდა. რომის და მადრიდის მასტერსებზე მეოთხედფინალს უწია, ხოლო საფრანგეთის ღია პირველობაზე ნახევარფინალამდე გავიდა.
38 წლის როჯერ ფედერერი მაქსიმალურად ცდილობს წლის მანძილზე ტურნირებში მონაწილეობის კალენდარი ასაკის შესაბამისად გადაანაწილოს. ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ მაესტრომ გადაწყვიტა თავი გრუნტის სეზონისთვის აერიდებინა, თუმცა მთავარზე – „როლან გაროსზე“ ფედერერი აუცილებლად იქნება.
ინფორმაციას, რომ შვეიცარიელი ლეგენდა „როლან გაროსის“ გარდა სხვა გრუნტისსაფარიან ტურნირზე არ იქნება, მისი ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორი, ჟურნალისტი რენე შტაუფერი ავრცელებს.
„გავრცელდა ჭორები, რომ როჯერი შარშანდელის მსგავსად რომსა და მადრიდში ისევ ითამაშებდა, მაგრამ მისმა მენეჯერმა ტონი გოდსიკმა ის უარყო. მისი თქმით, ფედერერი მონაწილეობას მხოლოდ „როლან გაროსზე“ მიიღებს და იმედოვნებს, რომ წარმატებითაც,“- დაწერა ცნობილმა შვეიცარიელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
რთული სათქმელია, პირდაპირ პარიზში ჩასვლა და „როლან გაროსზე“ თამაში, ისე რომ მანამდე გრუნტის საფარზე ადაპტაცია არ გაიარო რამდენად მიზანშეწონილია, მაგრამ ის ხომ ჩოგბურთის მეფეა.