სანაკრებო მატჩებს შორის შექმნილმა პაუზამ შიდა ჩემპიონატებში მორიგი ტურების გამართვის შესაძლებლობა შექმნა და უქმეები ქართველებისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო.

სუპერ რაგბის გათამაშება 6 ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატებს ყურადღებას ისედაც არ აქცევს და ამ შეჯიბრებების პარალელურად იმართება ხოლმე. მოგეხსენებათ, ამ ტურნირში ერთადერთი ქართველი ასპარეზობს – გამოცდილი ბორჯღალოსანი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც თავისი ქომაგები მეორე ტურშიც გაახარა. ჯაბას „სამვულვზმა“ ტოკიოში ახალზელანდიურ „ჩიფსს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, დამარცხდა – 17:43. ქართველი კვაჭი იაპონური ფრენჩაიზის სასტარტო შემადგენლობაში კვლავაც იყო და ლელო ამ შეხვედრაშიც დადო. შეხსენებისთვის, 2020 წლის სუპერ რაგბის გათამაშება „სანვულვზმა“ ავსტრალიური „რებელსის“ ძლევით დაიწყო და ჯაბა ბრეგვაძემ თავი იმ შეხვედრაშიც გატანილი ლელოთი ისახელა.

„ჩიფსთან“ მატჩი კი იაპონური ფრენჩაიზისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მართალია, თამაშის პირველი ნახევრის გაწითლებულ დროში ბრეგვაძემ ლელო გაიტანა (რომელიც თანაგუნდელმა ვერ გარდასახა) და ანგარიში 12:24 გახადა, მაგრამ მეორე ტაიმში ზელანდიელებმა მოუმატეს და მეტოქე უშანსოდ გაანადგურეს – 17:43. სხვათა შორის, ამ გამარჯვების ხარჯზე „ჩიფსი“ მსოფლიოს უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა, ხოლო „სანვულვზი“ იგივე ცხრილის სადღაც შუაგულშია.

პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მე-20 ტური გაიმართა და მისი პირველივე მატჩი ცენტრალური გახლდათ: მეორეადგილოსანმა „გრენობლმა“ ლიდერ „პერპინიანს“ უმასპინძლა. გრენობლელებმა 20:10 მოიგეს, 65 ქულა დააგროვეს  და ცხრილის სათავეში თავად მოექცნენ. ახალგამომცხვარი ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში ვეტერანი ქართველი დუდუ ქუბრიაშვილი იყო, რომელმაც 53 წუთი ითამაშა.

მე-3 საფეხურზე ბექა შეყლაშვილისა და დავით გიგაურის „კოლომიე“ იმყოფება, რომელიც თავის მატჩს კვირას გამართავს და თუ „ნევერს“ დაამარცხებს, სატურნირო ცხრილს ლიდერი კვლავ შეეცვლება.

საპლეიოფო ზონაში ასევე არიან „ოიონა“, „ბიარიცი“ და ხსენებული  „ნევერი“. „ოიონა“ სრულიად მოულოდნელად დამარცხდა, რადგან საკუთარ მოედანზე ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „რუანთან“ 22:23 წააგო. სტუმართა შორის ბოლო 10 წუთი ნაკრებიდან დაბრუნებულმა თაზო მჭედლიძემ ითამაშა. გიორგი ნუცუბიძის „ბიარიცმა“ ნიკა ნეფარიძის „ვანს“ სტუმრად 27:24 აჯობა, გიორგიმ პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ნიკა შეცვლაზე 45-ეზე შევიდა.

სანუკვარ ექვსეულში მოხვედრისთვის მებრძოლმა „ანგულემმა“ წყალწაღებულ აუტსაიდერ „ვალანს-რომანს“ რის ვაი-ვაგლახით სძლია – 36:34. გამარჯვებულთა შორის 53-ე წუთზე მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა გამოჩნდა, სტუმრებში კი იმავე წუთზე შეცვლაზე შევიდა მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული, ამდენად მეორე ნახევრის უდიდესი ნაწილი ქართველმა პირველხაზელებმა ერთმანეთის პირისპირ გაატარეს.

„მონ-დე-მარსანმა“ კარკასონში ომი 35:37 დათმო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მეორედ გამოჩნდა 21 წლის მარჯვენა ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი, რომელიც ამ ჯერზეც გაასინბინეს, ხოლო 56-ე წუთზე სტუმართა შორის მეორე ახალგაზრდა ქართველიც გამოჩნდა – 20 წლის მარცხენა ბურჯი გელა მურუსიძე.

არანაკლებ დაძაბული ბრძოლის გადატანა ქართველმრავალ „ორიაკსაც“ მოუხდა, რომელმაც „ბეზიესთან“ სტუმრად 12:16 წააგო.ორიაკელთა შერკინების სასტარტო სამივე ხაზში თითო ქართველი მორაგბე იყო: პირველში – 21 წლის ჯაბა შათირიშვილი, ვინც 47-ე წუთზე გამოცვალეს, მეორე ხაზში 23 წლის გიორგი ჯავახია იდგა, რომელმაც 57 წუთი დაჰყო მოედანზე, ხოლო ნაკრებიდან დაბრუნებულმა გიო ცუცქირიძემ მესამე ხაზში შეუცვლელად ითამაშა. „ორიაკმა“ ბონუს-ქულა მოინადირა და მხოლოდ მისი წყალობით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ „რუანს“.

დღეს და ხვალ ტოპ 14-ის მორიგი ტური გაიმართება.