მაროკოელი ჰაკიმ ზიეში გადაბირებას ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულების შემდეგ არაერთი ევროპული გრანდი ცდილობდა, „აიაქსის“ გულშემატკივრებიც ალბათ უკვე შეგუებულნი იყვნენ მის წასვლას, მაგრამ ბევრის გასაკვირად ის გუნდში დარჩა.

როგორც გაირკვა, არც ისე დიდი ხნით, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 26 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ამსტერდამული კლუბისთვის გაირჯება და „აიაქსსაც“ ვალმოხდილი დატოვებს.

ჰაკიმ ზიეში ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდა. არისტოკრატებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. ლონდონელთა განცხადებაში ნათქვამია, რომ ზიეში „სტემფორდ ბრიჯზე“ 1 ივლისს შეადგამს ფეხს და 2020/2021 წლების პრემიერლიგის სეზონში „ჩელსისთვის“ შეეცდება გატანას.

ფეხბურთის და განსაკუთრებით “ჩელსის“ ქომაგებს ეცოდინებათ, რომ ლონდონელებს სატრანსფერო ბანი ედოთ, რომელიც უეფამ ამ ზამთარში მოუხსნა, თუმცა გუნდის ბოსებს ახალი ფეხბურთელების შესაძენად იანვარში თავი დიდად არ გამოუდიათ, თებერვალში კი ზიეჩი დაისაკუთრეს.

ტრანსფერის დეტალები უცნობია. პოპულარულმა De Telegraph-მა მხოლოდ ის გაარკვია, რომ „ჩელსიმ“ ზიეშის სანაცვლოდ „აიაქსს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ კონტრაქტის ხანგრძლივობა ჯერ არ ხმაურდება.

ჰაკიმ ზიეშმა წინა სეზონში „აიაქსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც „ტოტენჰემთან“ მარცხი იწვნია. მიმდინარე სეზონში, ამსტერდამელების ჯგუფში ჩარჩენა უდავო სენსაცია იყო. ჰაკიმ ზიეშსაც ის დარჩენია, „აიაქსს“ ევროპა ლიგის მოგებაში დაეხმაროს და ლონდონსაც თავაწეულმა მიაშუროს.

წილი
წინა სტატიავილიანმა სარი იცის
შემდეგი სტატიადავითაშვილი უეფამ დააფასა
ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო