პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ თუ „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაში „რეალს” ვერ დაამარცხებს, მას მოხსნიან. კატალონიელმა მწვრთნელმა, შარშან, „ქალაქელებს” ზედიზედ მეორედ მოაგებინა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული და ზედ ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის (კარაბაოს) თასებიც დააყოლა, მაგრამ წლეულს ასე კარგად ვეღარ აქვს საქმე. 25 ტურის შემდეგ, საუცხოო ფორმაში მყოფი „ლივერპული” მანჩესტერელებს 22 ქულით უსწრებს.

„სიტი” ჯერ კიდევ აგრძელებს ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას, ხოლო კარაბაოს თასზე ფინალშია, სადაც 1 მარტს „ასტონ ვილას” უნდა შეხვდეს, მაგრამ გვარდიოლა ამბობს, რომ მის „ეტიჰედზე” დარჩენა-არდარჩენის ბედს „რეალთან” მერვედფინალი გადაწყვეტს. მადრიდელები ინგლისში 19 თებერვალს ითამაშებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე” სამი კვირის შემდეგ გაიმართება.

„ფუტბოლ დეილისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილმა მწვრთნელმა თქვა: „ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებიც გულშემატკივარს გულს უხარებენ. სეზონის განმავლობაში იყო პერიოდები, როდესაც ქომაგი კმაყოფილი გვყავდა. ვიცი, რასაც ამბობს ხალხი. ზოგი ფიქრობს, რომ კარგები ვართ, ზოგს კი მიაჩნია, რომ მთლად არ ვვარგივართ.

მე ვიღებ ამ დამოკიდებულებას. მე მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. მე ამაზე ვოცნებობ და „რეალთან” შეხვედრებს სიამოვნებით ველოდები. ვნახოთ, რისი გაკეთება შემიძლია.

პროცესი, რომელიც „რეალთან” თამაშებამდე ორი კვირით ადრე დაიწყო, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ შეხვედრებში, ჩემი პროფესიის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. ჩვენ ვცდილობთ წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა დავამარცხოთ მოწინააღმდეგე.

თუ ვერ გავიმარჯვებთ, კლუბის თავმჯდომარე, ან სპორტული დირექტორი მოვა და მეტყვის: რაც მოხდა მთლად კარგი არ იყო. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდოდა, რაც ვერ შეძელი, ამიტომ, სამსახურიდან გათავისუფლებ.

შემდეგ კი იქნება OK, გმადლობთ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა”.

ამასობაში ყველგან ცხვირშეყოფილ „სანს” აქვს ინფორმაცია, რომ ზაფხულში გვარდიოლას სამსახურში აყვანას „იუვენტუსი” ფიქრობს. მართალია, ტურინელებს მაურიციო სარი თანამდებობაზე ახალი დანიშნული ჰყავთ, მაგრამ, თურმე, მაინც ძალიან უნდათ გვარდიოლასთან საქმის გაკვაჭვა. „იუვეს” ჩემპიონთა ლიგა 1996 წლიდან არ მოუგია და მისი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ფიქრობს, რომ ამის გამოსწორება სწორედ პეპ გვარდიოლას შეუძლია.