რობერტო სოლდადოსა და არიც ადურისის შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ფეხბურთი ის სპორტია, სადაც შესაძლოა ცხოვრებისეული მეგობარი გაიჩინო.
მათი ძმაკაცობაც „მესტალიაზე“ დაიწყო…
ისინი ერთმანეთს 2010 წელს, „ვალენსიაში“ თამაშის პერიოდში შეხვდნენ და გვერდი-გვერდ კიდევ 2 წელიწადი ითამაშეს.
ორი წლის განმავლობაში, ერთად ღამურებისთვის 75 გოლი გაიტანეს და წარმატებასაც ჩახუტებულები მუდამ ერთად ზეიმობდნენ.
სავარაუდოდ, 34 წლის სოლდადო „გრანადაში“ კარიერის ბოლო წლებს ითვლის, ადურისი კი დროს დაუპირისპირდა და „ბილბაოსთვის“ გოლების გატანას 39 წლის ასაკშიც აგრძელებს.
კარიერის ბოლო აკორდში, ისინი ესპანეთის თასის ნახევარფინალში შეხვდნენ, თანაც ისეთ ტურნირზე, სადაც „რეალი“ და „ბარსელონა“ გათამაშებას უკვე გამოეთიშნენ – ფინალში ერთ-ერთის მეტოქე „სოსიედადი“ ან მეორელიგელი „მირანდესი“ იქნება.
ორივესთვის რა მაგარი იქნებოდა, კარიერა ასეთი ტიტულით დაესრულებინათ?!
პირველი თამაში, მინიმალური ანგარიშით (1:0) საკუთარ კედლებში „ბილბაომ“ მოიგო.
„დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი, რომ ბოლო სეზონში ტიტული მომეგო. ამის მიღწევა ჯადოსნური იქნება,“ – თქვა ადურისმა
პირველი თამაშის შემდეგ, მეგობრები ერთმანეთს გულთბილად ჩაეხუტნენ. ტიტულს ორივე იმსახურებს, თუმცა, ასარჩევად თუ მიდგება საქმე, ალბათ, უფრო – ადურისი, რადგან სოლდადოს ლა ლიგა (რეალთან ერთად 2007-2008 წლებში) უკვე მოგებული აქვს…