ლივერპულის ნიდერლანდელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთეთლთა მარაქაში გაერევა. ახალი პირობებით, რომელიც 2024 წლამდე იქნება გათვალისწინებული და მხარეებს ერთმანეთთან ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ, 28 წლის ფეხბურთელი 50 მილიონ გირვანქას მიიღებს, კვირაში 150-ზე მეტს…თუმც სულ ეს არ არის, მსუყე ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული.
ვან დაიკი, რომელიც დღესდღეობით საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება, ლივერპულში 2018 წელს გადავიდა. იურგენ კლოპის დაჟინებული მოთხოვნით მერსისაიდელებმა საუთჰემპტონს მის სანაცვლოდ სარეკორდო 84.5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. არ გაამართლა თუ რა? ვან დაიკმა ლივერპულის დაცვა ისე შეადუღაბა, გუნდმა შარშან ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, წლეულს კი დარჩენილი ტიტულების მოსაგებად არის შემართული, მათ შორის პრემიერილიგის, სადაც უახლოესი მდევარი მთელი 22 ქულით ჰყავს მოტოვებული…
სადღეისოდ, პრემიერლიგაში ყველაზე დიდი ჯამაგირი აქვთ: დევიდ დე ხეა – წელიწადში 23 მილიონი; კევინ დე ბრუინი – 19.7 მილიონი; რახიმ სტერლინგი – 18.5; პოლ პოგბა – 17.8; მესუთ იოზილი 16.5.