როტერდამში დაწყებულმა უპრესტიჟულესმა ტურნირმა ჩვენთვის ინტერესი უკვე დაკარგა. ის, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტარტო მატჩში ანდრეი რუბლევთან ითამაშა ანტი ჩოგბურთის გარდა, უამრავი გულშემატკივრის შეურაცხყოფაც იყო. კორტზე ასე უგერგილოდ და უნიათოდ ყოფნას, ნამდვილად ჯობდა ტრავმა ან სხვა რამ მოემიზეზებინა და საერთოდ არ გასულიყო.
პროფესიულ მოვალეობა რომ არა, დიდი სიამოვნებით ავარიდებდით თავს ჩვენებურის მხრიდან უმარილო თამაშზე წერას თავს. მეტიც, ბასილაშვილის ცოდვის ყურებით, რომელიც რუბლევმა ისე გააბითურა რეიტინგის ოცდაათეულში მყოფ კი არა, დამწყები ჩოგბურთელის თავმოყვარეობაზეც დამთრგუნველად იმოქმედებდა, მაყურებელიც დაიტანჯებოდა. ყოველშემთხვევაში, ჩვენ ეს განცდა დაგვეუფლა და თავს ძალა დავატანეთ ქართველი ჩოგბურთელის სრული კაპიტულაციისთვის ბოლომდე რომ გაგვეძლო.
დიახ, სპორტსმენი სარბიელს ყოველთვის გამარჯვებული ვერ დატოვებს, მით უფრო ჩოგბურთში, სადაც არაერთხელ მოხდარა, როდესაც ერთ მოთამაშეს კორტზე ყველაფერი გამოსდის და დაფრინავს, ხოლო მეორეს საერთოდ არაფერი, მაგრამ გვეეჭვება ეს ის შემთხვევა იყოს. მატჩის მიმდინარეობისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბასილაშვილი თითქოს კორტზე ძალით შეაგდეს და მასაც ერთი სული ჰქონდა იქაურობას როდის გაეცლებოდა…
არასრულ ერთ საათში გაეცალა კიდეც. თან ისე, რომ რუსი ანდრეი რუბლევისგან ნაწვნევი სილა წესით დიდხანს დაამახსოვრდება – 2:6, 3:6.
ცალკე უნდა ითქვას ორმაგ შეცდომებზე. მოწოდება, ყოველთვის იყო ბასილაშვილის სუსტი წერტილი, თუმცა შარშან, სეზონის შუაწელს, ბასილაშვილმა ეს კომპონენტი აშკარად დახვეწა, რაც მისი მწვრთნელის იან დევიტის დამსახურება იყო. ამ სეზონმა და კონკრეტულად რუბლევთან კრახმა კი თვალნათლივ გამოაჩინა, რომ გერმანელ სპეციალისტს ამ მხრივ კვლავ სამუშაო ექნება. რვა ორმაგი შეცდომა, რაც სუფთა ორი გეიმის ტოლფასია, ერთი მატჩისთვის ცოტა ნამდვილად არ არის, მაშინ როდესაც მეტოქე ერთსაც არ უშვებს.
როტერდამის ტუნრირის შემდეგ, ბასილაშვილს რეიტინგში (28) დაქვეითება არ ასცდება, რადგან მელბურნის არ იყოს, ქულების დაცვა მან ვერც ამჯერად შეძლო.
მოკლედ, უტრუხუნესი არ იყოს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აშკარად შემოლაწუნება სჭირდება, თორემ ასე თუ გააგრძელა, სეზონის მიწურულს ორმოცდაათეულს ვინ დაეძებს, შესაძლოა ასეულიც სანატრელი გაუხდეს.