ერთ დღესაც, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ლიოვი ადგა და ნაკრებიდან სამი ლიდერი დაითხოვა – მათს ჰუმელსი, თომას მიულერი და ჯერომ ბოატენგი. მაშინ ეს თოფის გავარდნასავით იყო, მიზეზად კი ბუნდესმანშაფტის გაახალგაზრდავება დასახელდა. ეს არგუმენტი უცნაურად იმიტომაც ჩანს, რომ 29-30 წელი ფეხბურთელისთვის კარიერის საუკეთესო წლებია და ნაკრებშიც იმ მოთამაშეებს უნდა იძახებდნენ, რომლებიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. შეიძლება, იოგის 2010 წლის გერმანიის ნოსტალგია მოაწვა – ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს გააოცებენ.

მსოფლიოს ამ სამი ჩემპიონისთვის, რა თქმა უნდა, ბრაზი დიდი მოტივაცია იყო და გადაწყვიტეს მსოფლიოსთვის მათი ძალა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ. მიმდინარე სეზონში, განსაკუთრებით, მიულერი და ჰუმელსი შესანიშნავად თამაშობენ და ლიოვმა თქვა:

„ვფიქრობ, მათ მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ასე თუ გააგრძელებენ, ევროზე მათ წაყვანას განვიხილავ.“

რომაელები ამბობდნენ „Quod licet Jovi, non licet bovi“ (რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, ხარს არ ეპატიება). ასეა, რაც შეიძლება ლეროი სანეს გაუბედო (მოულოდნელად, მწვრთნელმა ის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა, ახლა კი ის ნაკრებში თამაშობს), იგივეს მსოფლიო ჩემპიონი არ გაპატიებს

„ევროპის ჩემპიონატი? არ მადარდებს. მხოლოდ „ბაიერნთან“ ერთად ვიბრძვი, რომ მიმდინარე სეზონში სამივე ტურნირზე პირველი ადგილი დავიკავო,” – ეს თომას მიულერის სიტყვებია.

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიულერი და ჰუმელსი ნაკრების ღირსებას დაიცავენ არა ევროზე, არამედ ტოკიოს ოლიმპიადაზე. გერმანელი ფეხბურთელები არც ქვეყანას და არც ღირსებას არ ღალატობენ…